“ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება…ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას”-მდინარაძე

“ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას”, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

“ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაანონსებულ კონტრაქციაზე საუბრის დროს მდინარაძემ დაადასტურა, რომ ივანიშვილი აქციაზე იქნება. გარდა ამისა, მდინარაძე ირწმუნება, რომ “ოცნების” აქციაზე 100 ათასზე მეტი იქნება.

„რატომ აანონსებს „ნაცმოძრაობა“ დაპირისპირებას? გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები იქ ვერ იქნებიან, იმიტომ, რომ იქნება 100 ათასზე მეტი ადამიანი და პროვოკაციისთვის თუ ვინმე მოვა, პასუხს გასცემს იმას პოლიცია და განარიდებენ იქიდან, რა პროვოკაცია უნდა იყოს?!

ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას.

რაც შეეხება მიზანს, რაღაცნაირად ისე წარმოაჩენენ ხოლმე ადამიანების გარკვეული ჯგუფები, რომ ისინი არიან საქართველო და ამას ეუბნებიან ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და მათ აქვთ მცდელობა, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მაგალითად გამჭვირვალობას, უწოდონ რუსული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ სხვა არგუმენტი არ არის. ასე იქცევიან მაშინ, როცა სხვა არგუმენტი არ არსებობს და მარტო იმიტომ ღირს გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომ ხოშტარიების ოჯახი რუსეთიდან რომ ფინანსდება, პარალელურად სად ემთხვევა რუსული და დასავლური ფონდების თუ დონორების ინტერესები, ეს გავიგოთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

“ქართული ოცნების” განცხადებით, 29 აპრილს პარტია პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს. “ქართული ოცნების” “საყოველთაო-სახალხო შეკრებას” ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო, რუსთაველზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, უკან გაიწვიოს მმართველმა ძალამ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share