“ვიკრიბებით…ვინც საკუთარი ქვეყნისთვის სანქციებს არ ითხოვს…ვინც საკუთარ ქვეყანაში ბომბების ჩამოყრას არ ითხოვს”- ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ქვეყნის ერთგულ მოქალაქეებს დათქმულ აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

„ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ ვიკრიბებით საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის ერთგული მოქალაქეები:

ვისაც საქართველო უყვარს,

ვინც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს სცემს პატივს,

ვისაც მტკიცედ სწამს ევროპულ ოჯახში გაერთიანების,

ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინია,

ვინც რუსეთს არ ეფარება და საკუთარ თანამოქალაქეებს არ აშანტაჟებს,

ვინც ბავშვებს და ახალგაზრდებს არ იყენებს ფარად, თავისი მავნებლური მიზნებისთვის,

ვინც საკუთარი ქვეყნისთვის სანქციებს არ ითხოვს,

ვინც საკუთარ ქვეყანაში ბომბების ჩამოყრას არ ითხოვს,

ვინც სიცრუის ტირაჟირებით არ ცდილობს სიმართლის გადაფარვას,

ვინც ჩვენს ქვეყანას პარტნიორი ქვეყნების თანასწორად თვლის,

ვინც რადიკალიზმს არ კვებავს განსხვავებული აზრის დევნით,

ვინც ძალადობას არ ახალისებს,

ვისაც არ გვსურს ნაცების ნაცისტური რეჟიმის უკან დაბრუნება.

მამული, ენა, სარწმუნოება!“ – წერს ნინო წილოსანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share