ტროლებიც და საჯარო მოხელეებიც, ფეისბუკიც და ტიკ-ტოკიც – „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი კამპანიის თავისებურებები

„აგენტების კანონის“ მხარდამჭერი ყალბი ანგარიშების კოორდინირებული ქცევა წინა წლებისგან ბევრი დეტალითაა განსხვავებული. ფეისბუკის შემდეგ, TikTok-ის აუდიტორია გახდა განსაკუთრებული სამიზნე, ტროლებთან ერთად კი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებიც გააქტიურდნენ.

ლაზარე გრიგორიადისის ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათში ფეისბუკზე მისი ყალბი ანგარიში შეიქმნა. მეტი სანდოობისთვის ფეისბუკის „პროფილის ფოტოდ“ ლაზარეს სასამართლო პროცესზე გადაღებული სურათი იყო ატვირთული. ყალბ ანგარიშზე ორი საჯარო პოსტი გამოქვეყნდა.

„დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის. უფრო ვრცლად მალე დავწერ. მანამდე აქ დამამატეთ, ჩემი ტელეფონი პოლიციამ წაიღო და ძველი ფეისბუკი დავკარგე“, – ეწერა ერთ-ერთ პოსტში.

ლაზარე გრიგორიადისის ყალბი ანგარიში 24 აპრილს შეიქმნა.
ლაზარე გრიგორიადისის ყალბი ანგარიში 24 აპრილს შეიქმნა.

ლაზარე გრიგორიადისის ყალბმა ანგარიშმა მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა ჟურნალისტებს, აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს. რამდენიმე წუთში ათობით ადამიანი მოტყუვდა და დაიჯერა, რომ ფეისბუკზე დამეგობრებას ციხიდან გამოსული ლაზარე გრიგორიადისი სთხოვდა.

„ლაზარეს ახლად შექმნილი პროფილი ყალბია, ნუ დაიმეგობრებთ, და უმჯობესია დაარეპორტოთ. ლაზარეს ჯერ ტელეფონიც არ აქვს და ეს არაა მისი ფეისბუკი“, – დაწერა ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე. ყალბი ანგარიში ფეისბუკზე მალევე გაქრა.

ეს შემთხვევა სოციალურ ქსელში გავრცელებული მანიპულაციისა და დეზინფორმაციის მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რამდენად იოლად შეიძლება მოტყუვდეს ადამიანი კარგად „შეფუთული” და სწორ დროს „გაყიდული“ ყალბი ამბით.

“მითების დეტექტორის” მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გრიგორიადისის ყალბი ანგარიში, სოციალური ქსელის მომხმარებელმა, სახელად თეა აბაშიძემ (Thea Abashidze) შექმნა. მან ლაზარეს სახელით შექმნილი გვერდიდან პოსტი გააზიარა და კომენტარებში დაწერა: „ახლა ისეთი ხალხი მიმატებს, ვინც აქამდე 30 ექაუნთიდან არ მამატებდა”. თეა აბაშიძე ნაცნობ ექაუნთს გაეხუმრა, რომ სავარაუდოდ, როგორც ლაზარე გრიგორიადისი, იმ ადამიანებმაც კი დამიმატეს, ვინც მანამდე უარს მეუბნებოდაო.

თეა აბაშიძის გაზიარებული პოსტი, კომენტარებით „მითების დეტექტორმა“ გამოაქვეყნა.
თეა აბაშიძის გაზიარებული პოსტი, კომენტარებით „მითების დეტექტორმა“ გამოაქვეყნა.

თუ დავუშვებთ, რომ თეა აბაშიძემ ლაზარე გრიგორიადისის სახელით შექმნილი ყალბი ფეისბუკი თავად გააუქმა, ეს ნიშნავს, რომ ამ ანგარიშის გაცოცხლებას ნებისმიერ დროს შეძლებს. 3 თვის გასვლის შემდეგ, ფეისბუკი სახელისა და გვარის შეცვლის შესაძლებლობასაც მისცემს და მეგობრებში ლაზარეს მხარდამჭერების არმიაც ეყოლება.

„თეა აბაშიძე“ (სავარაუდოდ, ეს გამოგონილი ადამიანია) დაკავშირებულია ისეთ ფეისბუკანგარიშებთან, რომლებიც ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობენ. მათ შორისაა ანგარიშები: „მრისხანე ბაბუაწვერა“ და „ბიწაძე ნანა“. მითების დეტექტორის დაკვირვებით„ეს ფეისბუკ მომხმარებელი სხვადასხვა პოლიტიკოსისა და აქტივისტის ყალბ ციტატას ძირითადად ირონიული შინაარსით აქვეყნებს, თუმცა არ უთითებს, რომ ინფორმაცია სატირულია. შესაბამისად, ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილი პოსტებს რეალურად აღიქვამს”.

როგორც წესი, დეზინფორმაციული გვერდები, ტროლები და სხვა ყალბი ანგარიშები პოლიტიკური კრიზისის ან დაძაბულობის დროს, საჯაროდ გამართული ცხარე პოლემიკისას აქტიურდებიან და საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობენ. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” „აგენტების კანონი“ პარლამენტში დააბრუნა.

„აგენტების კანონის“ მხარდამჭერ კამპანიას ინტერნეტში თავისებურებები აქვს:

  • ფეისბუკთან ერთად კამპანია გაიშალა TikTok- შიც;
  • ტროლებთან ერთად მონაწილეობენ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები; მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლები „ქართული ოცნებიდან“;
  • მხარდამჭერი მესიჯების გავრცელებაში ფეისბუკზე ფულია გადახდილი.

„ბოლო პერიოდია, ფეისბუკზე წარმოებული კონტენტი, პარალელურად, სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გადააქვთ, მათ შორისაა TikTok-იც. გაზრდილია კომენტარების რაოდენობა. ეს მიმანიშნებს, რომ პიკი აქვთ. საინფორმაციო ომის მოგებას ცდილობენ. მიზანი, ერთი მხრივ, დარწმუნება, მეორე მხრივ კი, ეჭვის გაჩენაა. თუ აუდიტორიას აგენტების კანონის სასარგებლოდ კითხვები გაუჩნდება, ეს მათთვის სასარგებლო იქნება”, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის ასოცირებული მკვლევარი, ეთო ბუზიაშვილი.

TikTok-ი Gen Z-ის აპლიკაციაა. ამ სოციალური ქსელის მომხმარებლების თითქმის ნახევარი, 49%, სწორედ ისინი არიან, ანუ თაობა, რომელიც 1997-2012 წლამდე პერიოდში დაიბადა და ახლა 14-დან 27 წლამდეა.

TikTok-ი მეხუთე ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია ფეისბუკის, იუტუბის, ვოტსაპისა და ინსტაგრამის შემდეგ და მეორე, ინსტაგრამის შემდეგ, ჩამოტვირთვის მაჩვენებლით. მას ყოველთვიურად მილიარდ 500 მილიონი ადამიანი მოიხმარს, რომლებმაც TikTok-ს 2023 წელს, ერთ დღეში, ჯამში, 4 მილიარდ წუთზე მეტი დაახარჯეს.​

ქართულ ტიკ-ტოკში წარმოებული საინფორმაციო პროპაგანდის შესახებ კვლევები მწირია. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2022 წელს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე TikTok-ი საინფორმაციო მანიპულაციებში გამოიყენეს. “სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, პოლიტიკური კამპანიების წარმოების მიზნით, ტიკ-ტოკის არხები საქართველოში 2020 წლიდან გამოჩნდნენ, თუმცა 2021 წლიდან გააქტიურდნენ.

„აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად ტიკ-ტოკზე რამდენიმე გვერდი ლიდერობს, ესენია: avoe.ge_geonews_უკრაინოლოგიმერაბ კოსტავა, ჟურნალისტების მარგალიტები.

„ჯეონიუსის“ ვიდეოები ოპოზიციის, მედიის, არასამთავრობოების და იმ ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რომლებსაც „აგენტების კანონი“ შეეხებათ.
„ჯეონიუსის“ ვიდეოები ოპოზიციის, მედიის, არასამთავრობოების და იმ ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რომლებსაც „აგენტების კანონი“ შეეხებათ.

 

ვიდეოები უმეტესად შეურაცხმყოფელი და მანიპულაციურია.
ვიდეოები უმეტესად შეურაცხმყოფელი და მანიპულაციურია.

 

ტიკ-ტოკგვერდები პოლიტიკურ და მედიის დღის წესრიგს მიჰყვებიან, თვალს ადევნებენ საინფორმაციო გამოშვებებს და უკონტექსტო, დაჭრილი ვიდეოებით მომხმარებლებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
ტიკ-ტოკგვერდები პოლიტიკურ და მედიის დღის წესრიგს მიჰყვებიან, თვალს ადევნებენ საინფორმაციო გამოშვებებს და უკონტექსტო, დაჭრილი ვიდეოებით მომხმარებლებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.

ზოგიერთი გვერდი ანალოგიური დასახელებითა და შინაარსით ფეისბუკზეც იძებნება. მაგალითად, „აგენტურა”. ამ გვერდის ფეისბუკორეული წაშლილია, მას შემდეგ, რაც ის ფაქტების გადამოწმების ქართულმა ორგანიზაციებმა „გაშიფრეს“ და „დაარეპორტეს”. თუმცა მისმა ანონიმურმა მფლობელებმა 3 დღის წინ იმავე სახელით ახალი გვერდი თავიდან შექმნეს.

აგენტურა - ამ სახელით ანონიმური ანგარიში ფეისბუკზეცაა შექმნილი და ტიკ-ტოკზეც.
აგენტურა – ამ სახელით ანონიმური ანგარიში ფეისბუკზეცაა შექმნილი და ტიკ-ტოკზეც.

„აგენტურაზე” გამოქვეყნებული ვიდეოებითა და ფოტოებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოური ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების, საპროტესტო აქციების მონაწილეების, ჟურნალისტების დისკრედიტაციას ცდილობენ. ხშირად დამონტაჟებული ვიდეოებისა და ფოტოშოპით შეცვლილი ფოტოების ნაწილი, ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელია, აქვს სექსისტური და ჰომოფობიური შინაარსი და კამპანიური ხასიათისაა. ერთნაირი შინაარსის პოსტებს განსხვავებული ფესბუკგვერდები და ტიკ-ტოკარხები ერთდროულად ავრცელებენ.

მაგალითად, ანონიმურ გვერდებზე: „არ აგარევინებთ“; „ხალხის ხმა“; „პოლიტიკური აბსურდი“; „აგენტურა“ და ასევე ტიკ-ტოკის ანგარიშებზე: „აგენტურასა“ და „avoe.ge“-ზე „აგენტების კანონის“ შესახებ “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული საინფორმაციო ბანერები ერთდროულად გავრცელდა.

განსხვავებულ ანგარიშებზე იდენტური კონტენტის გავრცელების მაგალითი.
განსხვავებულ ანგარიშებზე იდენტური კონტენტის გავრცელების მაგალითი.
განსხვავებულ ანგარიშებსა და სოციალურ ქსელებში იდენტური კონტენტის გავრცელების მაგალითი.
განსხვავებულ ანგარიშებსა და სოციალურ ქსელებში იდენტური კონტენტის გავრცელების მაგალითი.

 

განსხვავებულ სოციალურ ქსელებსა და ანგარიშებზე იდენტური კონტენტის გავრცელების მაგალითი.
განსხვავებულ სოციალურ ქსელებსა და ანგარიშებზე იდენტური კონტენტის გავრცელების მაგალითი.

„სამართლიანი არჩევნების“ 2023 წლის 25 აპრილის კვლევაში ის ოთხი ძირითადი ხაზია გამოყოფილი, რომლებსაც „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი ანონიმური გვერდები ავრცელებენ.

  • აგენტების კანონი არ არის მკაცრი;
  • ის „ევროპულია“;
  • ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირსებას იცავს;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ეშინიათ.

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციას ანონიმური ანგარიშები ფოტომანიპულაციებით, დეზინფორმაციითა და ღირსების შელახვით ცდილობენ.

რადიო თავისუფლებამ ნახა სულ მცირე სამი შემთხვევა, როცა აქციაზე გადაღებულ ფოტოზე ბანერის წარწერა გააყალბეს. ამ ხერხებით ეს მანიპულაციური გვერდები “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეების ლგბტ პროპაგანდისტებად წარმოჩენას ცდილობენ, რაც დისკრედიტაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზია.

 

საპროტესტო აქციების ეს მონაწილე ფოტომანიპულაციის მსხვერპლი ორჯერ გახდა. პირველად 16 აპრილს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქციაზე გადაღებული მისი ბანერი შეცვალეს, მეორედ კი 19 აპრილს ქალთა მარშზე გადაღებული ფოტო.
საპროტესტო აქციების ეს მონაწილე ფოტომანიპულაციის მსხვერპლი ორჯერ გახდა. პირველად 16 აპრილს “აგენტების კანონის” წინააღმდეგ აქციაზე გადაღებული მისი ბანერი შეცვალეს, მეორედ კი 19 აპრილს ქალთა მარშზე გადაღებული ფოტო.

 

საზოგადოების თვალში პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად ეს ფოტომანიპულაციაც, რომელზეც ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტი არჩილ ზამბახიძეა გამოსახული.
საზოგადოების თვალში პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად ეს ფოტომანიპულაციაც, რომელზეც ტელეკომპანია “ფორმულის” ჟურნალისტი არჩილ ზამბახიძეა გამოსახული.

„პროტესტის დისკრედიტაციის პარალელურად, საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასაც ავრცელებენ. აქციების პარალელურად რომ ანტიდასავლური ნარატივი შემოდის, ეს სიახლეა. საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ არჩევანს აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. მათი მიზანია ამტკიცონ, რომ ევროკავშირისკენ გზა ომისა და არეულობის გზაა”, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ISFED-ის მკვლევარი შოთა ნარსია.

“პროსახელისუფლებო გვერდები და ჯგუფები დიდი ხანია ჩართულები არიან ანტიდასავლური და პრორუსული მესიჯების გავრცელებაში, მათ კონტექსტი გასულ წელს შეამზადეს”, – განმარტავს მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი და მაგალითად მოჰყავს დეზინფორმაციული ნარატივი, რომ თითქოს „აშშ საქართველოში რევოლუციას გეგმავს“.

ეს დაწერა 18 აპრილს ფეისბუკგვერდმა „პოლიტიკური აბსურდი“:

„აშშ ოქტომბერში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არიან კანონის მიღებით გამწარებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მფარველები“, – წერს „პოლიტიკური აბსურდი“.

„პოლიტიკური აბსურდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეთქმულების თეორიისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.
„პოლიტიკური აბსურდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეთქმულების თეორიისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.

გვერდმა ფულიც გადაიხადა იმაში, რომ პოსტი META-ს პლატფორმაზე რაც შეიძლება ბევრს ენახა. ეს პოსტი ადგილობრივმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებმა უკვე მონიშნეს, როგორც ყალბი ამბავი.

„ხელისუფლების მიზანია, ხალხის ანტისამთავრობო პროტესტს ლეგიტიმაცია გამოაცალოს, ამტკიცონ, რომ გარედან მართულია და არა გულწრფელი. რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ყველაზე ხშირად უკრაინულ მაიდანს ადარებენ, და ნერგავენ შიშს, რომ სისხლი და დაპირისპირება იქნება“, – ამბობს ეთო ბუზიაშვილი.

გვერდებთან ერთად შეთანხმებულად მუშაობენ ტროლები, იგივე ყალბი ანგარიშები, რომლებიც ან სხვის იდენტობას იპარავენ, ან საკუთარს კარგად მალავენ. მათი მიზანი ხელოვნური დისკუსიის შექმნა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენაა. ჩნდებიან ყველგან, სადაც “აგენტების კანონს” შეიძლება განიხილავდნენ, ყველაზე მეტად ტელევიზიებისა და ონლაინმედიების სიახლეებისა და პოსტების ქვეშ იყრიან თავს.

ტროლები გამოცოცხლდნენ TikTok-ზეც. ფეისბუკისგან განსხვავებით, TikTok-ზე მათი მონიტორინგი და გამოვლენა რთულია. აპლიკაციის მომხმარებლები ქმნიან, უყურებენ და აზიარებენ მოკლე ვიდეოებს ათასგვარ თემაზე, ან მხოლოდ უყურებენ და აზიარებენ, ან არ აზიარებენ. ანგარიშების დასახელება კი იშვიათად ემთხვევა მისი ავტორის რეალურ ვინაობას, პოპულარულია ზედმეტსახელები, ე.წ. ნიკნეიმები.

„ფეისბუკისგან განსხვავებით, ტიკ-ტოკისთვის არ არსებობს სპეციალური ინსტრუმენტები და ფაქტების გადამოწმების პოლიტიკა, რომელიც კოორდინირებული ქსელების გამოვლენაში დაგვეხმარებოდა. ამ პლატფორმასაც აქვს დეზინფორმაციის წინააღმდეგ პოლიტიკა, მაგრამ საქართველოში ჯერ არ მუშაობს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, დეზინფორმაციასთან დაპირისპირება სწორი ინფორმაციით”, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ფაქტ-მეტრის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ხელმძღვანელი, მარიამ წიწიკაშვილი.

DFRLab-ის მკვლევარი სოფო გელავა ფიქრობს, რომ ტროლების გამოვლენა TikTok-ზე რთულია, თუმცა არა შეუძლებელი:

„კოორდინირებული ქცევა შეიძლება გამოიხატებოდეს ერთი და იგივე ვიდეოს ატვირთვით დროის საერთო ინტერვალში, ასევე, ერთი და იგივე ჰეშტეგით, რაც პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მე დავაკვირდებოდი, რა ვიდეოებს აზიარებს, სად აკომენტარებს და ფართო სურათში ვეცდებოდი კავშირის დანახვას. ეს ყველაფერი ხელით, თვალით უნდა გაკეთდეს, სრულიად ადამიანზე ხარ დამოკიდებული და არა ტექნიკაზე“.

გარდა იმისა, რომ TikTok-ის აუდიტორია Gen Z-ია, “აგენტების კანონის” წინააღმდეგ თვითორგანიზებული პროტესტის ავანგარდშიც ისინი დგანან. თუმცა ფეისბუკის გარდა “აგენტების კანონის” მხარდამჭერი კამპანიის სხვა სოციალურ პლატფორმებზე გადატანა მხოლოდ ახალგაზრდების „გადაბირების მოტივით“ არ შეიძლება აიხსნას.

ამის მიზეზი არაავთენტიკური კოორდინირებული ქსელის მოქმედებების წინააღმდეგ ფეისბუკის მკაცრი პოლიტიკაც შეიძლება გამხდარიყო. გასული წლის მაისში “მეტამ” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული 120-მდე ქართული ანგარიში, გვერდი და ჯგუფი წაშალა.

„კოორდინირებული და არაავთენტიკურია“ ქცევა, როდესაც გვერდები, ჯგუფები და ანგარიშები ერთდროულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცრუობენ თავიანთი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.

„მეტას“ თანახმად, ქსელის უკან მდგარი ადამიანები:

  • „ქმნიდნენ ყალბ ანგარიშებს;
  • ამუშავებდნენ ანგარიშებს გამოგონილი ადამიანების სახელით;
  • მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს;
  • აქვეყნებდნენ პოსტებს;
  • წერდნენ კომენტარებს;
  • იწონებდნენ საკუთარ კონტენტს, რათა ის უფრო პოპულარულად წარმოეჩინათ, ვიდრე რეალურად იყო“.

„სამართლიანი არჩევნების“ კვლევა, რომელიც სოციალურ ქსელში “აგენტების კანონის” მხარდამჭერ კამპანიებს სწავლობს, აჩვენებს, რომ კოორდინირებული ქსელი ფეისბუკზე წელსაც მსგავსი ტაქტიკით მუშაობს. ამ კამპანიურ შეტევას წელს ადმინისტრაციული რესურსიც დაემატა.

მხარდამჭერ კამპანიაში, მმართველი პარტიის ეროვნულ და ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტების ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეებიც ჩაერთნენ ადგილობრივ თვითმმართველობაში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულებმა ფეისბუკის პირად ანგარიშზე ერთნაირი ბარათები გამოაქვეყნეს.

საჯარო მოხელეების მიერ „ქარდების”, სავარაუდოდ, კოორდინირებულად გაზიარების მაგალითები „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა.
საჯარო მოხელეების მიერ „ქარდების”, სავარაუდოდ, კოორდინირებულად გაზიარების მაგალითები „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 30 მუნიციპალიტეტის ორგანოში დასაქმებული 96 საჯარო მოსამსახურე გამოავლინა, რომლებმაც 3-4 აპრილს ფეისბუკის პირად ანგარიშზე ერთნაირი „ქარდები” საჯარო პოსტის სახით გამოაქვეყნეს.

საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები აქციის მონაწილეების დისკრედიტაციის კამპანიაში. ფოტოები გაყალბებული შინაარსით ზესტაფონის საკრებულოს თანამშრომლების პირად გვერდებზეც გამოჩნდა.

„საზოგადოება დღეს უფრო მეტად ინფორმირებულია, ვიდრე წლების წინ. მათ ადვილად ვეღარ მოატყუებ. მას შემდეგ, რაც ფეისბუკმა ყალბი ანგარიშებისადმი პოლიტიკა გაამკაცრა, მისი შექმნაც გართულდა. ყალბ ანგარიშს სჭირდება სანდოობა, უნდა დააჯეროს ყველა, რომ რეალურია. როცა ფეისბუკი ამ კოორდინირებულ ქსელს შლის, თავიდან უწევთ ყველაფრის კეთება, მოფიქრება, რაც მარტივი არ არის.

ვვარაუდობ, რომ ის რესურსი, რაც იხარჯებოდა ყალბ ანგარიშებზე, ახლა სიპებსა და აიპებში, მერიებში დასაქმებულებზე გაანაწილეს, ამიტომ აქტიურობენ ტროლებზე მეტად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები“, – ამბობს mdf-ის მკვლევარი ანი ქისტაური.

“აგენტების კანონის” მხარდამჭერი კამპანიის გასავრცელებლად ფულია გადახდილი და მასში ანონიმურ გვერდებთან ერთად პროსახელისუფლებო მედიები და “ქართული ოცნების” დეპუტატების ოფიციალური გვერდები არიან ჩართული.

 

ფეისბუკგვერდმა "პოლიტიკურმა აბსურდმა" ეს პოსტი დაარეკლამა, რათა სათქმელი უფრო დიდ აუდიტორიაზე გასულიყო.
ფეისბუკგვერდმა “პოლიტიკურმა აბსურდმა” ეს პოსტი დაარეკლამა, რათა სათქმელი უფრო დიდ აუდიტორიაზე გასულიყო.

 

„ქართული ოცნების" მიერ მომზადებული საინფორმაციო ბანერები დაარეკლამეს ტელეკომპანიებმა „პოსტვ“ და “იმედი“.
„ქართული ოცნების” მიერ მომზადებული საინფორმაციო ბანერები დაარეკლამეს ტელეკომპანიებმა „პოსტვ“ და “იმედი“.

„აგენტების კანონის“ პარლამენტში დაბრუნებიდან ორ დღეში, 5 აპრილის ჩათვლით, isfed-ის დათვლით, ფეისბუკის გვერდებსა და ინსტაგრამის ანგარიშებზე კანონპროექტთან დაკავშირებული 120-მდე რეკლამა გამოქვეყნდა. მათ შორის, საინფორმაციო ბარათები („ქარდები”), რომლებშიც მანიპულაციურად იყო ახსნილი, რას გულისხმობს აგენტების კანონპროექტი. ამ საინფორმაციო ბარათებმა თბილისის ქუჩები, ავტობუსების გაჩერებები და სარეკლამო კედლებიც მოიცვა.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share