“ჩხავერისა“ და „საკმიელას“ შემდეგ გურიაში კიდევ ერთი გურული ვაზის „ბადაგის“ პოპულარიზაცია იწყება

„ბადაგი“ ეს არის უნიკალური გურული ვაზის ჯიში, ის შეუდარებელია როგორც საღვინედ, ასევე სუფრისათვის. ის უნიკალურია როგორც სასმელად, ასევე გემოთი, შესახედაობითა და ტრანსპორტაბელურობით. ყველა ამ თვისებას „ბადაგი“ აკმაყოფილებს სრულად და აუცილებლად მიგვაჩნია მისი გავრცელება, ანუ აღდგენა გურიაში“

ანდრო ვაშალომიძე-გურული მევენახეობის მკვლევარი

“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი”

 

ანდრო ვაშალომიძე-გურული მევენახეობის მკვლევარი, ათეული წლების განმავლობაში მუშაობს დაკარგული გურული ჯიშის ვენახების აღდგენაზე, აღმოაჩინა და ააღორძინა 40 ზე მეტი გურული  ვაზი, მოაშენა და პოპულარიზაციას უწევს ამ ჯიშებს.

„გურიის მოამბე“ „ბახვი ჰესის“ რუბრიკის „სოფლის ცხოვრება-წარმატებული ფერმერები“ ფარგლებში, ბატონ ანდროს შეხვდა და გურიაში მევენახეობის პერსპექტივებზე ესაუბრა.

„30 წელზე მეტია ამ საქმიანობას მივსდევ, მინდა განვდევნოთ გურიიდან უვარგისი ვენახის ჯიშები, რომლებიც დამკვირდნენ გასულ საუკუნეში გურიაში, ჩვენ 60 ზე მეტი ჯიშის ვენახი გვქონდა, ამათგან 40 ზე მეტი მოვიძიე და ავაღორძინე, მთავარია ახლა ჩვენს სავენახე მეურნეობებში გავამრავლოთ ეს ჯიშები, აღდგენილი ვენახებიდან ვარჩევ საუკეთესოებს, რომლებიც ჩემს სადემონსტრაციო ნაკვეთშია, სამწუხაროდ ამ ჯიშების დაკარგვა საუკუნენახევრის წინ დაიწყო, როცა ჩვენთან სხვადასხვა მძიმე, მათ შორის სოკოვანი დაავადებები შემოვიდა, მაშინ ჩვენს თავს არ ვეკუთვნოდით და გაუჭირდა გლეხს მისი ვენახების დამოუკიდებლად დაცვა მავნებლებისაგან, ახლა ვიმყოფებით ამ მივიწყებული და გაქრობის პირას მყოფი ვენახების აღდგენის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე 43 ჯიშის ვენახი აღდგენილია, ინტენსიური მუშაობა დანარჩენის მოსაძიებლად გრძელდება.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩემს საკუთრებაში არსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთში-სადაც არის გურული ვენახების 17 რჩეული ჯიში. აქედან ვაწარმოებ პროდუქციას, გამაქვს ფესტივალებზე და ვუმტკიცებ საზოგადოებას, რომ გურიის მეღვინეობა არ არის „ადესა“ ანაც „ჭეიშვილი“  და ესენია- ჩხავერი, საკმიელა, კლარჯული, თეთრი კამური, ჭუმურტა, ცხილათუბანი, ალადასტური, თავისთავად ბევრი ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი სახელია, მაგალითად კლარჯული, სახელიდანაც ნათელია რომ ეს ვაზი ტაო კლარჯეთიდანაა შემოტანილი და სავარაუდოდ იმ ადამიანების მიერ, ვინც კლარჯეთიდან აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, ძალიან უცნაურიც და საინტერესოცაა რომ გურულ ვაზს ქვია კლარჯული. შემდეგ მოდის ჯანი, მტევანდიდი, მტრედისფეხა, ორონა, ბადაგი, ბადაგი არის უნიკალური გურული ვაზი, რომელსაც აქვს როგორც სასუფრე, ასევე საღვინე დანიშნულება. საერთოდ, ტექნოლოგიურად, ვაზის ჯიშები სამ ნაწილად იყოფა, საღვინე, სასუფრე და საქიშმიშე. ბადაგისნაირი თვისებები აქვს, ანუ საღვინეცაა და სასუფრეც თეთრი კამური, ჩვენთან საერთოდ და დასავლეთ საქართველოში, ვაზის ჯიშები ძირითადად სასუფრე და საღვინეა, საქიშმიშე ვაზები აღმოსავლეთ საქართველოშია. არის ასევე შუა აზიაში და ირანში, საღვინე ყურძნებში მე პირველ სამეულს ასე ჩამოვაყალიბებდი – თეთრყურძნიანებში აქ ლიდერი საკმიელაა, ვარდისფერყურძნიანებში თავისთავად ჩხავერი-ხოლო წითელ ყურძნიანებში არჩევანი უფრო დიდი გვაქვს – ჯანი, ჭუმურტა, მტრედისფეხა.

რაც შეეხება სასუფრეს, ნომერ პირველი სასუფრე ვაზი კლარჯულია.

სამწუხაროდ ჩვენ გვქონდა დაახლოებით საუკუნენახევრის წყვეტა ამ დარგში, ახლა ვიღვიძებთ,  ვიწყებთ შესწავლას, მაგალითად, სანამ მე საკმიელას აღმოვაჩენდი, 20 წლის წინ ვაზისუბანში, დღევანდელი სამტრედია, და ავაღორძინებდი, მისი არსებობის შესახებ მხოლოდ სამმა მეცნიერმა იცოდა, დღეს გურიაში საკმიელა ყველამ იცის, მაპატიოს სამტრედიელებმა, მაგრამ უძველესი გურული მიწაა.

მე სანამ ამ საქმეს მოვკიდებდი ხელს დავიწყე გურული მევენახეობის ისტორიის შესწავლა, გასული საუკუნის 90 იან წლებში, როცა დავინტერესდი „ადესისა“ და „ჭეიშვილის“  ისტორიით გავიგე რომ „ადესა“ და „ნოე“ შემოსული ვაზის ჰიბრიდული ჯიშებია, ასევე „ჭეიშვილი“ ფრანგების მიერ მე 19 საუკუნეში მიღებული ჰიბრიდია, დავუსვი ჩემს თავს კითხვა, აბა რაა გურული ვაზის ჯიში?

მეცნიერებისა და ისტორიკოსების ნაამბობიდან გავიგე, რომ საუკეთესო გურული ვაზის ჯიში საკმიელაა და დავიწყე მისი ძებნა. რომ არ მოგატყუოთ 8 წელი ვეძებე – და სანამ საკმიელას ვიპოვიდი 12 სხვა გურული ვაზის ჯიში ვიპოვე.

ძიება გურული ვაზის ჯიშების დღესაც გრძელდება, მთელი ერთი წლის განმავლობაში, მიკავშირდებიან გურიის სხვადასხვა სოფლებიდან მეუბნებიან, რომ ეზოში ან სადმე აღმოაჩინეს ძველისძველი ვაზი, მისი წინაპრების დარგული, მე ვინიშნავ მონაცემებს და შემოდგომით ვიწყებ დათვალიერებას, ახალშეუსწავლელ და დაუდგენელ ვაზს ვაგზავნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეურნეო კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაშია, სადაც ადგენენ ვაზის ჯიშს, დადგენის პროცესი ხშირად დროში იწელება, რადგან რთული საქმეა. ლევანი უჯმაჯურიძეა ხელმძღვანელი, უმნიშვნელოვანეს და საშვილიშვილო საქმიანობას ეწევა, ხშირად ვაზის ჯიშის დადგენას წლები სჭირდება. გარდა ლაბორატორიისა, ჯიღაურაში საცდელი ბაზაცაა-სადემონსტრაციო ნაკვეთებით.

ძალიან რთული პროცესია, არ გამიგოთ თითქოს თავს ვიქებდე, ზოგმა სულ არ იცის თუ ეს ვაზის ჯიში აქვს კარმიდამოში, ზოგმა იცის, მაგრამ ხშირად სხვა სახელით იცის, სხვა გონია და სინამდვილეში სხვაა.

ძირითადად გურიაში ძლიერი მევენახეობა ჩოხატაურში იყო, იქ არსებობდა მევენახეობის ორი დიდი ზონა, საჭამიასერის და ფარცხმა-ბუკისციხის, ოზურგეთში იყო მევენახეობის ერთი ზონა, ბახვი-აჭის, ლანჩხუთში არ იყო მევენახეობის ზონა, იქ უფრო პოპულარული მეცხოველეობა იყო, თუმცა, თავისთავად ლანჩხუთშიც იყვნენ ძლიერი მევენახეები, საბედნიეროდ დღეს უკვე მრავლადაა ის ადამიანები, ვინაც სერიოზულ ფინანსებს დებენ მევენახეობაში.

პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობებით, მადლობა „ბახვი ჰესსა“ და რედაქციას, ახალგაზრდებს მივმართო=არაფერი განსაკუთრებული მევენახეობას, ისეთი მუშაობა, რომელსაც ვერ შეძლებ, ისეთი ცოდნა და გამოცდილება-რომელსაც ვერ მიიღებ ან ვერ შეისწავლით-არ უნდა, თანაც მიწები ყველას გვაქვს, მარტივი არითმეტიკით რომ შევაჯამოთ, ერთი ჰექტარი ვენახი 30 ათას ლარ შემოსავალს იძლევა, თავისთავად პირველ წელს, როცა სამუშაოების გაწევა გჭირდება და აპარატურის შეძენა, ეს შემოსავალი მცირდება, მაგრამ ყოველ შემდეგ წელს, მაგალითად ჩხავერი -ერთ ჰექტარზე მინიმუმ 30 ათას ლარს გაძლევს, წამლობა და ყველა სხვა პროცედურა კილოგრამზე ლარი იანგარიშეთ, ნუ საკმიელა ახლა უფრო ძვირია, მაგრამ ვფიქრობ საკმიელა ისე ვითარდება, რამდენიმე წელში ჩხავერი მას მაინც გადაასწრებს, ანუ უფრო ძვირი იქნება.

მე მაგალითად დღეში ასამდე ზარს ვპასუხობ, ბევრია ჩემნაირი, რომლებიც მზად არიან თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, უანგაროდ გადავცეთ დაინტერესებულ ადამიანებს.

როცა ზემოთ შემოსავლებზე ვსაუბრობდი, 30 ათასი ლარი, ეს არის მიღებული ყურძენზე, თუ ღვინის წარმოებას დაიწყებთ, ეს შემოსავალი სამჯერ, მინიმუმ ორნახევარჯერ მეტია და მევენახეობა გურიაში, ლურჯი მოცვის წარმოების შემდეგ, მეორე ადგილზეა შემოსავლიანობით.  თავისთავად ღვინის წარმოებისათვის დამატებითი აპარატურა, სარდაფი, მარანი, კასრები და სხვა გჭირდებათ .

მნიშვნელოვნად გეხმარებათ სახელმწიფო თავისი პროგრამებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები.

გაითვალისწინეთ, ღვინო არ არის მალფუჭებადი პროდუქცია, რაც დრო გადის მისი ფასი იმატებს, და განსხვავებით მოცვისაგან, გურულ ღვინოებზე მოთხოვნილება უახლოეს მომავალში იქნება ყოველთვის მზარდი. მეორე უპირატესობა რაც მევენახეობას აქვს, ჩვენ მეღვინეობის ქვეყანა ვართ, გენეტიკურად მეღვინეები ვართ და ადვილად ვითვისებთ ყველაფერს, რაც მევენახეობა-მეღვინეობას სჭირდება, იქნება ეს ცოდნა, გამოცდილება თუ წესები, ერთადერთი რაც რჩება წარმატებისათვის ეს შრომისმოყვარეობაა და მიმაჩნია, რომ მევენახეობა მეღვინეობა არაფერ ისეთ შრომას არ მოითხოვს რაც ჩვენ არ შეგვიძლია და რისი ძალაც არ შეგვწევს.

ჩემო თანასოფლელებო. გირჩევთ დავანებოთ იქეთ აქეთ ხეტიალს თავი და დავკავდეთ მევენახეობით, მითუმეტეს ახლა, როცა კომუნისტური პერიოდისაგან განსხვავებით, როცა აქცენტი მეჩაიეობაზე კეთდებოდა და სადაც ღვინოს და ყურძენს ფასი არ ჰქონდა,  განსხვავებული რეალობა გვაქვს.

წარმატებული ბიზნესმენები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

 

 

„გურიის მოამბე“ და „ალიონი“ – „ბახვი ჰესის“ დახმარებით – ერთობლივ რუბრიკა – „სოფლის ცხოვრება“ – დავიწყეთ

უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და მიგრაცია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ლაიტმოტივად გასდევს გურიაში სოფლის ცხოვრებას, სოფლის, რომელიც თანდათან იცლება ახალგაზრდებისაგან, ოჯახის რჩენისათვის ერთადერთ გამოსავლად კი საზღვარგარეთ – სამუშაოს პოვნა მიიჩნევა.

სამწუხაროა, რომ ასეთ პირობებს – ობიექტურ მიზეზებთან ერთად – სუბიექტურიც განაპირობებს, პირვე რიგში ის, რომ სოფელში ადგილობრივები არ არიან ინფორმირებულები, რომ ამ პირობებშიც. სავსებით შესაძლებელია ადამიანებმა საკუთარი ძალებით ნახონ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან.

მცირე ფერმერული მეურნეობები, სწორი აგრარული პოლიტიკა, გამოცდილებაზე დაყრდნობილი პოზიციონირება ამ სფეროში და პარტნიორების ძებნა, ხშირ შემთხვევაში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში – ეს ის თემებია, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ გურულ ოჯახს შეუძლია იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და ადგილებზე შექმნან წარმატებული ფერმერული მეურნეობები.

ამას, ხშირ შემთხვევაში, აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობა და გამოცდილების არ ქონა.

ჩვენი მიზანია თქვენ მოგაწოდოთ არამარტო ენციკლოპედიური ტექსტები – არამედ. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ფარგლებში. გაპოვნინოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან-თქვენივე თანასოფლელების, წარმატებული ფერმერების გამოცდილების ხარჯზე.

„გურიის მოამბე“ ‘ალიონი“ და „ბახვი ჰესი“ რუბრიკით „სოფლის ცხოვრება“  – შეეცდებიან. მნიშვნელოვნად ხელი შეუწყონ თქვენს ინფორმირებულობას რაც თავისთავად აისახება თქვენს წარმატებაზე – ადგილებზე განავითაროთ ფერმერული მეურნეობები, იპოვოთ გამოსავალი და იყოთ წარმატებულები საკუთარ კარ-მიდამოში.

“ალიონისა” და “გურიის მოამბეს” რედაქცია დიდ მადლობას უხდის ამ შესაძლებლობისათვის “ბახვი ჰესს” – ასევე ყველა იმ წარმატებულ ბიზნესმენს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან თანამშრომლებენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share