თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ნათია კუპრაშვილი სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს და მათ ინიციატივას უერთდება.
ლექტორი უარს ამბობს აუდიტორიაში ლექციების ჩატარებაზე და გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდების პერმანენტულ პროტესტს უერთდება.
“ვერ ჩავატარებ სააუდიტორიო შეხვედრებს იმ უნივერსიტეტის კედლებში, რომელიც არც კი იმჩნევს ასოცირებულ პროფესორზე განგრძობით მუქარებს” – წერს კუპრაშვილი სოციალურ ქსელში და კოლეგებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს.
”ვუერთდები სტუდენტებს. მეც ვერ ჩავატარებ სააუდიტორიო შეხვედრებს იმ უნივერსიტეტის კედლებში, რომელიც, მინიმუმ, არ იმჩნევს საკუთარ ასოცირებულ პროფესორზე განგრძობით მუქარებს და ზეწოლას. მარტო მე ვერ გავიფიცები, ცხადია.
რაც შეეხება სწავლა-სწავლებას, არც მე ვაპირებ შევწყვიტო და არც ეს სტუდენტები შეწყვეტენ განათლებას”, – წერს ნათია კუპრაშვილი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საგანგებო განცხადებას აკეთებენ – პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი ახალგაზრდები პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადადიან.
შვილების თაობა უარს ამბობს აუდიტორიებში ლექციებზე დასწრებაზე და ორშაბათიდან, რუსთაველის გამზირზე გაუჩერებელ პროტესტს აანონსებს.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, უარს ვამბობთ აუდიტორიებში შესვლაზე” – აცხადებენ სტუდენტები და იქვე ამატებენ, რომ 13 მაისის დილის 9 საათიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში იდგებიან.