საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ეკლესია ხშირად მოუწოდებდა სახელმწიფო სტრუქტურებს 1938 წლის რუკის გამოყენების თაობაზე, თუმცა კომისიამ რუკის ასლები არაავთენტიკურობის ნიშნით დაიწუნა.
“ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საზღვრის დადგენაზე მომუშავე ჯგუფმა საერთოდ არ იხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ხოლო მისი რამდენიმე წლის წინ მოპოვებული ასლები ავთენტურად არ მიიჩნია.
შედეგად კომისიამ ხელი მოაწერა სასაზღვრო ზოლის განსაზღვრის ისეთ ოქმს, რომლის საფუძველზეც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აკონტროლებენ”, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოს თქმით, ეკლესიის წარმომადგენლები დავით გარეჯის საკითხის წამოჭრას ყველა შესაძლო ტრიბუნის გამოყენებით ცდილობდნენ.
“აღსანიშნავია 2019 წლის ნოემბერში ბრიუსელში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ევროკავშირსა და ნატოში შეხვედრების დროს პირადად გადასცა დავით გარეჯის პრობლემის თაობაზე ეკლესიის ხელთ არსებული ყველა მასალა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს და სთხოვა აღნიშნული საკითხის მოგვარებაში თანადგომა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქო განმარტავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა ტერიტორიებზე მდებარე ტაძრები სამართლებრივად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა, რაც ვალდებულს ხდის ეკლესიას, იზრუნოს მათ დასაცავად.
“აღნიშნული მონასტრები იურიდიულად საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა. შესაბამისად, ეკლესიის პირდაპირი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა და დაცვა, ეს არც დღეს დაწყებულა და არც დასრულდება, ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება”, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.
პროკურატურამ დღეს, 7 ოქტომბერს, დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით დააკავეს და ბრალი წარუდგინეს.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების მიმართ გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
ფორმულას წყაროს ინფორმაციით, პროკურატურამდე ინფორმაცია რუსული სპეცსამსახურების გზით მივიდა.
უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”. პროკურატურის მტკიცებით, მელაშვილი და ილიჩოვა საზღვრის დადგენის პროცესში არ იყენებდნენ სათანადო რუკებს. დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ და მათ მიმართ გამოძიებას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.
პოლიტიკურ და რუსულ ინტერესებზე ლაპარაკობს ოპოზიციაც.
აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაზე გამოძიების დაწყებას პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი 2019 წლის ივნისში ითხოვდა.