თეატრალურის სტუდენტები: ვიფიცებით, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს

გაფიცულებს უერთდებიან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები. გავრცელებულ საერთო მიმართვაში მოუწოდებენ ლექტორებს და აკადემიურ პერსონალს, დადგნენ მათ გვერდით და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გააძლიერონ.

“საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით საერთო სტუდენტურ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ფატალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ჩვენ, პროტესტის დაწყების დღიდან, თავდაუზოგავად ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დემოკრატიას. მიუხედავად სასტიკი დარბევების, ძალადობის, დევნისა და ტერორისა, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. არ გვინდა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა მოცული იყოს შიშით, კონტროლითა და ძალადობით, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ცხადად ვხედავთ.

ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ძალადობრივი დარბევებისგან თავის დასაღწევად თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში მოგვიწევდა თავის შეფარება. ახლა, როცა ხელისუფლება იღებს კანონს, რომელიც გვიზღუდავს ჩვენი პროფესიებისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას, შემოქმედებით თავისუფლებას, ჩვენთვის წარმოუდგენელია სასწავლო პროცესის გაგრძელება.

ამიტომ ჩვენ ვიფიცებით და უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე, სანამ პარლამენტი რუსულ კანონს არ გაიწვევს, საქართველო კი – ევროპულ გზას არ დაუბრუნდება.

მივმართავთ თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორებსა და აკადემიურ პერსონალს, დადგნენ ჩვენ გვერდით და გააძლიერონ ბრძოლა ჩვენი საერთო მომავლისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის. მოიქეცით ისე, რომ თქვენი ამჟამინდელი პოზიციით იამაყოთ”, – აცხადებენ სტუდენტები.

ამ ეტაპზე აუდიტორიაში სწავლების განახლებაზე უარს 10-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას უერთდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share