განათლების უწყება რექტორებს გაფიცვის დაგმობის განცხადებას უგზავნის, ხელმოწერას სთხოვს

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, განათლების სამინისტრო უნივერსიტეტების რექტორებისგან სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის გაფიცვის დაგმობას ითხოვს.

წყაროს ცნობით, განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ “საგანმანათლებლო სივრცე დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან” – უწყება რექტორებისგან ამ განცხადებაზე ხელის მოწერას ითხოვს.

განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ტექსტში წერია, რომ უნივერსიტეტებისთვის “კატეგორიულად მიუღებელია მათი სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება”.

დოკუმენტის  ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

“საქართველოს უნივერსიტეტები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე.

ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტის ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. ამ მიზნების მისაღწევად და თითოეული სტუდენტის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად, აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა პროცესმა გავლენა არ იქონიოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება, ამასთან, საგანმანათლებლო სივრცე თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან – არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება.

ამ მხრივ, ჩვენთვის მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე და ხელს უშლის სასწავლო პროცესის წარმართვას. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტთა გარკვეული ჯგუფები შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს და უარი თქვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადებაზე, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა და არ შეჩერდება! ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.

შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი, პროფესორ-მასწავლებლები ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და ხელი შევუწყოთ საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და დემოკრატიული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

სტუდენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ ყველას, ნუ შეაფერხებთ უნივერსიტეტებში აკადემიური საქმიანობის წარმართვას, დაბრუნდით აუდიტორიებში – ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,” – ნათქვამია უნივერსიტეტებში დაგზავნილ განცხადებაში.

***

საქართველოს მასშტაბით სტუდენტური გაფიცვა დაიწყო – რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩებში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები გამოვივიდნენ. გაფიცვის და პროტესტის დაწყების შესახებ პირველი განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 11 მაისს გააკეთეს. მათ თქვეს, რომ ორშაბათიდან [13 მაისი] უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე. ამასთან, თსუ-ის სტუდენტებმა მათ ლექტორებს გაფიცვისკენ, ხოლო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ამავე დღეს, განცხადება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც ისინი თსუ-ის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებდნენ და გაფიცვაში უერთდებოდნენ.

სტუდენტურ გაფიცვას 12 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი იქამდე იქნებიან გაფიცულები, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს.

გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც 12 მაისს შეუერთდნენ. “ვიქნებით ყველგან თქვენს შორის თეთრი ხალათებითა და სუფთა ხელებით, ქართული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე!, – ამბობენ თსსუ-ის სტუდენტები.

გაფიცვას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ – 12 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი ამბობენ, რომ “სტუდენტების მასობრივი პროტესტი გარდამტეხ როლს ითამაშებს მიმდინარე პროცესებში”.

გარდა ამისა, გაფიცვას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარი თქვეს.

განცხადება გაფიცვის შესახებ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმაც გაავრცელა. მათი თქმით, სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ.

13 მაისს, გაფიცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარს ამბობენ.

გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. მათ განცხადებაში წერია, რომ “უერთდებიან ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ტოვებენ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. “გამჭვირვალობის კანონს” უკან არ გაიწვევს“.

გაფიცვას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, აქციებზე დასწრებას გააგრძელებენ მანამ, სანამ რუსული კანონს არ გაიწვევენ.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.

გაფიცვას შეუერთდნენ ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების, რომლებმაც საპროტესტო აქციას მოაწყეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share