ძვირფასო მთავრობა და ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ ეს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი. ვერ ვხედავ – საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა: ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. საქართველოს ადგილი ევროპაშია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, მაგრამ გთხოვთ, ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი. ვერ ვხედავ საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს. ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩებში მშვიდობიან აქციებს მართავენ. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ რთულ დროს და იმედი მაქვს, ჩვენ გვექნება საშუალება, ვესაუბროთ მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, – აღნიშნა მაიკლ როთმა.
კითხვაზე, ექნება თუ არა საქართველოს შანსი, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, თუკი ეს კანონი დამტკიცდება, როთმა უპასუხა რომ „ნამდვილად არა”.
„ვერ ვხედავ მოლაპარაკებების გახსნის შანსს ამ კანონით და ევროკავშირის ეს მესიჯი ძალიან, ძალიან ნათელია“, – აღნიშნა მაიკლ როთმა.