რასაც ბოლო დღეებში ხელისუფლებისგან ხალხის პროტესტის პასუხად ვხედავთ ძალადობაა – სტანო

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიფინგზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაავრცელა, სადაც გმობს ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უკან წაიღოს კანონი.

სტანოს თქმით, ცხადია ქართველი ხალხის დიდი ნაწილის ერთგულება ევროპული მომავლის და ევროპული გზის მიმართ და ევროპა მოელის საქართველოს მთავრობამ აირეკლოს ეს მისწრაფება.

“რასაც ბოლო დღეებში ხელისუფლებისგან ხალხის პროტესტის პასუხად ვხედავთ, არის ძალადობა, განსაკუთრებით – პოლიციისგან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა დაშინება, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა პროტესტის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ. ეს ბრუტალური ქმედებებია და ჩვენ მას მკაცრად ვგმობთ” – რადიო თავისუფლების ცნობით, თქვა სტანომ.

პიტერ სტანომ ასევე მოუწოდა საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ყველა გადაცდომა და ძალადობის ფაქტი. მისი თქმით, ევროკავშირი აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ევროპელმა პარტნიორებმა უკვე ცხადად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია აღნიშნულ კანონზე.

“ვიმედოვნებთ და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპულ გზას დაუბრუნდეს” – თქვა სტანომ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share