bm.ge
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 % შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 %-ით განისაზღვრა.
კითხვაზე თუ რა სექტორებში არსებულმა ზრდამ განაპირობა ეს შედეგი, საქსტატის უფროსი განმარტავს, რომ ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში ბრუნვის მატება შეინიშნება. კლება კი სექტორების მცირე ნაწილში, დამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში დაფიქსირდა.
“ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდის ტენდენციები დაკავშირებული იყო სატვირთო სატრანსპორტო მომსახურებასთან, როგორც სახმელეთო, ისე სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო ტრანსპორტის მიმართულებით. გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდის შედეგად, გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც, რამაც რასაკვირველია დადებითი წვლილი შეიტანა აგვისტოს ეკონომიკურ ზრდაში. ასევე გაზრდილია საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებლები.
• ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა მშენებლობის სექტორშიც, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან და სამშენებლო პროექტების შემუშავებასთან.
ასევე გზების, ავტობანების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობასთან. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის 20%-ითაა გაზრდილი სამშენებლო მასალების იმპორტის მოცულობა.
• ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, ზრდა ძირითადად დაკავშირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სექტორში განხორციელებული მომსახურების მოცულობის ზრდასთან.
• ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც, რაზეც ძირითადად გავლენა მოახდინა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის ზრდამ. კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ დაახლოებით 742 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 2.8-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
• ვაჭრობის სექტორში ზრდის უმთავრეს მიზეზად სახელდება ახალი და მეორადი ავტომობილებით, ასევე მათი ნაწილებით და აქსესუარებით ვაჭრობის მოცულობის ზრდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2-ჯერ და მეტად არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი, განსაკუთრებით სომხეთის და ყირგიზეთის მიმართულებით.
გაზრდილია ასევე როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, საყოფაცხოვრებო ნაწარმით, საწვავითა და სამშენებლო მასალებით.
• საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდა განაპირობა კომერციული ბანკების საპროცენტო და საკომისიო შემოსავლების მოცულობის მატებამ.
რაც შეეხება კლების ტენდენციებს, როგორც უკვე აღვნიშნე, გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორებში.
• დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლების ტენდენცია დაკავშირებული იყო ძირითადი ლითონების, ასევე მინერალური წყლების წარმოების მოცულობის შემცირებასთან. როგორც მოგეხსენებათ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41%-ით შემცირდა ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი, ხოლო 17%-ითაა შემცირებული მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა.
• უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში, კლების მიზეზად სახელდება საკუთარი ან იჯარით აღებული საცხოვრებელი შენობების გაქირავებასთან და მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის შემცირება,”- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.