ბათუმის მე-7 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე რუსეთის დროშის ჩამოხევასთან დაკავშირებით “პირველებთან” პირველ კომენტარს აკეთებს. საუბარია სკოლის სტენდზე რუსეთის და ასევე აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების დროშების გამოკვრაზე, რასაც მე -11 კლასელის პროტესტი მოჰყვა.
ლუკა ნაცვლიშვილი მომხდარის შესახებ ყვება და ამბობს, რომ მისი და სხვა უფროსკლასელების პროტესტი სკოლის სტენდზე სწორედ აფხაზეთის დროშის ნახვამ გამოიწვია. მისი თქმით, სტენდიდან რუსეთის დროშის ჩამოხევის შემდეგ კლასის დამრიგებელმა პირდაპირ თქვა, რომ მას სკოლა უნდა დაეტოვებინა.
ამასთან, მე -11 კლასელი დირექტორის სიტყვებსაც იხსენებს, რომელმაც მას აგრესორი უწოდა.
კლასელებთან ერთად ვიყავი და ვნახე, რომ იყო რუსეთის დროშა და აფხაზეთის დროშა გამოკრული. მივედი და , პირველ რიგში, ჩამოვაგდე რუსეთის დროშა, ჩამოვხიე. ცოტა მაგრად იყო მიწებებული და დრო დამჭირდა, რომ ჩამომეხსნა. ამასობაში დაირეკა ზარი, გამოვიდნენ მანდატურები და ავედით კლასში და კლასში შემდეგ გამოვთქვით პროტესტი, თუ რატომ იყო აფხაზეთის დროშა გამოკრული, რის შემდეგაც მოგვცეს თანხმობა, რომ „კი, ბატონო, ჩამოხსენითო“. ჩავედით და ჩამოვხსენით ეს აფხაზეთის დროშა. რუსეთის თავიდან მიაკრეს. ამ ყველაფრის მერე ავედით კლასში და შემოვიდა დამრიგებელი ჩვენთან და გვესაუბრა. საუბრის დროს გვითხრა ასეთი ფრაზა, რომ „სამწუხაროდ, ლუკამ უნდა დაგვტოვოსო“. რის შემდეგაც, ვიფიქრეთ, რა თქმა უნდა, კლასმა, რომ უნდა გავერიცხე სკოლიდან, მაგრამ დედაჩემი რომ დაიბარეს, უკვე უთხრეს, რომ გარიცხვით არ ვრიცხავთო, დოკუმენტებში მაგას არ დავუწერო, მაგრამ ბავშვი გადაიყვანეთ, სადაც გინდათო. დირექტორმა მითხრა, „ჩვენ ტოლერანტები ვართო და რუსი მოსწავლეები გვყავსო, სხვადასხვა ეროვნების ხალხი გვყავსო და არ არის სწორი როგორც შენ მოიქეცი, რუსეთის დროშა რომ ჩამოხსენიო. აგრესორია, მოკლედო, ასე მითხრა, დღესო დროშა ჩამოხიაო, ხვალ შეიძლება ჩემს მოსწავლეს მივვარდეს და თვალები გამოთხაროსო, – ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი.
რუსეთის დროშის ჩამოხევის გამო სკოლის დირექტორმა მოსწავლე დასაჯა და სკოლიდან გააგდო. შემთხვევა ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მოხდა. მომხდარი თავდაპირველად “ტვ 25” გაახმაურა.
ირკვევა, რომ ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლო საგანმანათლებლო დაწესებულების დერეფანში, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად იყო განთავსებული. ამასთან, ამავე სტენდზე აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო გამოტანილი.