“მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ” – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ“, – წერს ლანდსბერგისი.
ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს – ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.
დასკვნა რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
ვენეციის კომისიას “ქართულ ოცნებაში” პასუხობენ – მმართველი გუნდის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვენეციის კომისია გააკრიტიკა.