ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა და აქციების ფონზე, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გაიგებდით ტერმინს – „ტიტუშკები“. საინტერესოა, ვინ არიან “ტიტუშკები” და საიდან წარმოიშვა ეს სიტყვა.
„ტიტუშკები“ ან უკრაინულად – „ტიტუშკი“ (тітушки) პირველად უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს წარმოიშვა. „ტიტუშკები“ კრებსითი სახელია და მასში სპორტული აღნაგობის ახალგაზრდები მოიაზრება, რომელთაც ხელისუფლება აქციებზე ოპოზიციონერთა დისკრედიტაციისა და პროვოკაციისთვის ქირაობს.
ეს ტერმინი სპორტსმენ ვადიმ ტიტუშკოს უკავშირდება. ინციდენტი, რის გამოც სიტყვა პოპულარული გახდა, 2013 წლის 18 მაისს მოხდა. ამ დღეს კიევში ორი აქცია მიმდინარეობდა, ერთ-ერთი – ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების აქცია იყო. მოულოდნელად ოპოზიციური აქციის მონაწილეებსა და სპორტული აღნაგობის მამაკაცებს შორის ჩხუბი დაიწყო. დაპირისპირებას ჟურნალისტებიც აშუქებდნენ, ჟურნალისტი ოლგა სნიცარჩუკი და ფოტორეპორტიორი ვლადისლავ სოდელი დაშავდნენ. მედიის წარმომადგენელთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ სპორტული აღნაგობის მამაკაცთა ნაწილი, რომელიც ჩხუბისას დააფიქსირეს, ქალაქში მიმდინარე მეორე აქციის დასაცავად მუშაობდა.
ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით მოქალაქე ვადიმ ტიტუშკო დააკავეს. ამის შემდეგ ბრალი კიდევ სამ პირს წაუყენეს, რომელთა საქმეც ვადიმ ტიტუშკოს საქმესთან გააერთიანეს. სასამართლომ ახალგაზრდა მამაკაცებს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ისინი პირობითი სასჯელით გაათავისუფლა.
ამ ინციდენტის შემდეგ ტერმინი საზოგადოებაში სწრაფად გავრცელდა. 2013 წლის ივლისში კი სიტყვა თანამედროვე უკრაინულ ტერმინად აღიარეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვადიმ ტიტუშკო 2022 წლიდან უკრაინას იცავს და რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობს.
ტიტუშკოს ადვოკატის მცდელობის მიუხედავად, აღარ გამოეყენებიათ ეს სიტყვა, ტერმინი საზოგადოებაში დამკვიდრდა და არ გამქრალა.