2011-2013 წლებში, მოსკოვის ცენტრში, “ბალოტნაიაზე” პუტინის რეჟიმით უკმაყოფილო რუსების რამდენიმე მრავალრიცხოვანი საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. ძირითადად საშუალო კლასის მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას არც ტემპერამენტი აკლდა და არც თანმიმდევრული ბრძოლისთვის მზაობა. მაშინდელ ოპოზიციას კონსოლიდაცია გაუჭირდა, პუტინიც “გონს მოეგო“ და საკმაოდ შთამბეჭდავი რუსული პროტესტი იმავე “ბალოტნაიაზე“ გაიფანტა, კიდევ უფრო ზუსტად – ავტორიტარულ ჭაობში ჩაიძირა, რომელსაც დღეს უკვე მკაფიოდ გამოხატული ტოტალიტარული რაშიზმის სახე აქვს.
ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდასავლური ბუნება უკვე დიაგნოზია. უკმაყოფილების მასშტაბი და განწყობა რომ დიდია, ესეც უკვე აქსიომად იქცა. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ბალოტნაია” არ დაგვემართოს. ალბათ, პირველ რიგში მკაცრად განისაზღვროს მისაღწევი ამოცანა და სასურველი შედეგი, რომელიც, ამ ეტაპზე არც ხელისუფლების ცვლილებაა, არც ვინმეს ციხიდან გამოშვება და არც ივანიშვილის ქვეყნიდან გაგდება.
პრიორიტეტული ამოცანაა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დადგება კონკრეტული შედეგი: ანუ წლის ბოლომდე შესრულდება ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ვინ უნდა შეასრულოს ეს 12 პუნქტი, ივანიშვილის ხელისუფლებამ?! ბევრი მიპასუხებთ, რომ ეს აბსურდია, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება ივანიშვილის მმართველობის დასრულებას ნიშნავს.
რაც ნაწილობრივ მართალია, თუმცა ეშმაკი ყოველთვის დეტალებშია.
დეტალები კი შემდეგია:
რეკომენდაციების შესრულება და კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, მოიტანს ცვლილებებს, მათ შორის მმართველობაში, თუმცა, ის, ამავე დროს, ნიშნავს ივანიშილისთვის ერთგვარ უსაფრთხოების გარანტიებს, პოლიტიკაში დარჩენის და სამართლიანი პოლიტიკური თამაშის წესების ფარგლებში ძალაუფლების ნაწილობრივ შენარჩუნების შანსსაც.
ჩვეულებრივ მდგომარეობაში მილიარდერი საკუთარი ნებით არ დათმობს ძალაუფლებისა თუ კომფორტის თუნდაც ნაწილს, თუმცა, თუ მისთვის ყველაზე ძვირფასს – ძალაუფლებას, აქტივებს და უსაფრთხოებას რეალური და მყისიერი საფრთხე დაემუქრა, მას მოუწევს ორი ვარიანტიდან ნაკლებად უარესის არჩევა და მოთხოვნების შესრულება. ამისთვის კი საჭიროა, რომ ივანიშვილს შეეშინდეს. შეეშინდეს იმაზე მეტად და იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე 2019 წელს გავრილოვის ღამის შემდეგ, როდესაც ის ქართველ ხალხს უკანასკნელ შესაძლელობას სთხოვდა, რომ “მართვის ყველა ხარვეზი გაესწორებინა”.
როდესაც საფრთხემ გაიარა, მართლაც რომ “მართვის ყველა ხარვეზი გაასწორა” – საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ მილიარდერს, ძირითადად, ორი რამის ეშინია:
1. ეს არის მასშტაბური და აგრესიული პროტესტი, რომელსაც პოლიცია ვეღარ აკავებს და რაც შემდეგ უკვე მის ძალაუფლებას და რაც მთავარია უსაფრთხოებას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და
2. დასავლეთის სანქციები, რაც მას ფინანსური რესურსების დიდ ნაწილზე წვდომას შეუზღუდავს, და რასაც განგრძობით მდგომარეობაში იგივე ეფექტი ექნება, რადგან მისი ძალაუფლება და უსაფრთოხება ფინანსებზე დგას. თუმცა, მიუხედავად უპრეცედენტო სიმრავლისა, დღეს რუსთაველზე სხვა კატეგორიის ხალხი დგას, ვიდრე, მაგალითად, ვარდების რევოლუციის, ან თუნდაც გავრილოვის ღამეს იდგა. ეს არის ერთგვარი საშუალო კლასი, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის არაერთხელ გამოვა ქუჩაში, თუმცა სულაც არ არის მზად პარლამენტში შეიჭრას, ან პროტესტის სხვა რადიკალურ ფორმას მიმართოს.
იგივე შეიძლება ითქვას პროტესტის ლიდერებზეც. ეს ადამიანები შესაძლოა საკუთარი საქმის საუკეთესო სპეციალისტები იყვნენ და საზოგადოების პატივისცემასა და ნდობას იმსახურებდნენ, თუმცა, თუნდაც არაძალადობრივი, მაგრამ აგრესიული პროტესტის მართვა სხვა გამოცდილებას მოითხოვს. ამის გამოა, რომ მილიარდერი, ყველაფერის მიუხედავად, თავს მაინც უსაფრთხოდ გრძნობს. მართალია, ივანიშვილის სანქცირების თემა ბოლო დროს სერიოზულად გააქტიურდა და ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც გაჩნდა, თუმცა კონკრეტულ ქმედებებში ჯერ არ გადაზრდილა.
მილიარდერი, რომელმაც აშკარად საკუთარ კანზე იგრძნო შვეიცარული ბანკის ურჩობა, ჯერ მაინც იმედიანად არის, რადგან ხედავს, რომ ევროკავშირის აღამასრულებელი ორგანოები სიტყვიდან საქმეზე არ გადასულან.
რაც მთავარია, სანქციების შესახებ დუმს ვაშინგტონი, რომელსაც ნების შემთხვევაში ამ თემის მყისიერად დაძვრა შეუძლია (ამ მხრივ საინტერესო სიახლეა მაკფოლის დღევანდელი მინიშნება თბილისისთვის). რუსთაველზე არაერთხელ, უპრეცედენტო სიმრავლით, საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი სათქმელი ნათლად თქვა, ნებაც უკვე გამოხატა და ფუნქციაც შეასრულა.
ამიტომ ამ ეტაპზე მათ უნდა დაისვენონ. ახლა ჯერი პოლიტიკოსებზე და საპროტესტო მოძრაობის ლიდერებზეა, რომლებმაც საკუთარი ფუნქცია უნდა შეასრულონ, რაც იმაში უნდა გამოიხატოს, რომ სწორად შედგენილი გეგმის ზედმიწევნით აღსრულებით ხელისუფლება აიძულონ, ხალხის ნებას დამორჩილდეს და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია შეასრულოს.
ამისთვის კი სამფაზიანი გეგმაა საჭიროა: პირველი ფაზა უნდა იყოს ოპოზიციის, საპროტესტო მოძრაობისა და ფართო სამოქალაქო საზოგადოების ჩართულეობით სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს ევროკომისიის მოთხოვნებისთვის აუცილებელ საკანონდებლო ცვლილებების ყოვლისმომცველ პაკეტს.
მეორე ფაზა ამ პაკეტის ჩვენი საერთაშორისო პარნტიორებისთვის დეტალურად გაცნობა და მათი უპირობო მხარდაჭერის და სრული ლეგიტიმაციის მოპოვებაა. უნდა გააქტიურდეს გზავნილები ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები თვალს მკაცრად ადევნებენ და ელიან ამ პაკეტის აღსრულებას ხელისუფლების მხრიდან. უარის შემთვევაში კი ივანიშვილის სანქცირების საკითხი სიტყვიდან საქმეზე გადავა.
მესამე ფაზაში უნდა მოხდეს ოპოზიციის მხრიდან ამ საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში ინიცირება და კონკრეტული ვადების დაწესება ხელისუფლებისთვის მის მისაღებად.
როდესაც პარლამენტი დაიწყებს შესაბამის პროცედურებს, სწორედ ამ დროს უნდა დაბრუნდეს კარგად ორგანიზებული, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია პარლამენტის გარშემო და გაგრძელდეს მანამ, ვიდრე ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ მოხდება. და თუ ხელისუფლება უარს იტყვის ნებისმიერი მიზეზის გამო, ან პროტესტის ძალადობრივი მეთოდებით დაშლას გადაწყვეტს, ეს უკვე იქნება წითელი ხაზი ყველასთვის: სიგნალი პროცესის ორგანიზატორებისთვის, რომ პროტესტი მშვიდობიან, თუმცა ბევრად უფრო აგრესიულ ფაზაში გადაიყვანონ, დასავლეთისთვის კი პირდაპირი მიზეზი ივანიშილის სანქცირებისთვის.
ოლიგარქს ბევრი რამ აქვს დასაკარგი და ძალაუფლებას მარტივად არ დათმობს. თუმცა, ბევრად მეტს, ევროპულ მომავალს და კეთილდღეობას კარგავს საქართველოს მოსახლეობა და ქართული სახელმწიფო.
ამიტომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომლის მშვიდობიანად და წარმატებით დასრულება მხოლოდ ამოცანის ზუსტად და მართებულად განსაზღვრი, რესურსების სრული გაერთიანებით, ფუნქციების სწორად გადანაწილებით და რაც მთავარია, მოთმინებით, გამძლეობით და შეუპოვრობით იქნება შესაძლებელი.
ჩემი აზრით ასეთი, ან თუნდაც სხვაგვარი, მაგრამ მკაფიო გეგმის არსებობით და აღსრულებით არის შესაძლებელი იმ დიდი მიზნის მიღწევა, რასაც შინ, ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქვია. რას უნდა ველოდეთ წინააღმდეგ შემთხვევაში? კვლავ “ბალოტნაიას“, ჩვენებურად “საჭაობის“ ისტორიას შეგახსენებთ.