სტუდენტები თეატრალურ უნივერსიტეტთან მივიდნენ, სადაც წულუკიანი სპექტაკლზე უნდა მისულიყო, თუმცა კულტურის მინისტრი იქ არ გამოჩნდა.
სტუდენტებმა მას საერთო განცხადებით მიმართეს. ახალგაზრდებმა გაიხსენეს წულუკიანის განცხადება, სადაც თქვა, რომ სახელმწიფო “რკინის ქუდია”.
სტუდენტების თქმით, წულუკიანის მიერ ხსენებული “რკინის ქუდი” მათ მომავალს ართმევს და არ არსებობს “გაუტეხელი რკინა”.
“რამდენიმე დღის წინ კულტურის მინისტრმა პროტესტში მონაწილე სტუდენტებს სულელები გვიწოდა და თქვა, რომ სახელმწიფო წარმოადგენს რკინის ქუდს და რომ სულელი ხარ, თუ არ გამოიყენებ იმას, რაც გიცავს. სახელოვნებო უნივერსიტეტის სტუდენტები რამდენიმე წელია ამ რკინის ქუდს ვაკვირდებით და შევამჩნიეთ, რომ რკინის ქუდმა ვერ დაიცვა საყდრისი, გელათის ღვთისმშობლის ფრესკა, ჯვრის მონასტერი, ბრინჯაოს ხანის სამარხები, ეროვნული მუზეუმი, ლიტერატურა, ქართული კინო. რკინის ქუდმა საკუთარი გავლენების ქვეშ მოაქცია თეატრი. რკინის ქუდი სამინისტროს ფანჯრიდან ფოტოებს გვიღებს და სამთავრობო მედიებს ჩვენ დასაცინად აწვდის, რკინის ქუდი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს იარაღს ჩვენ დასაცავად, არის იარაღი ჩვენ წინააღმდეგ,რომელიც გვართმევს მომავალს და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, სულ უფრო გვაშორებს ევროპულ პერსპექტივას.
ჩვენ, სხვადასხვა სახელოვნებო უნივერსიტეტის სტუდენტები შევიკრიბეთ აქ, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ სისტემას, რომ გაუტეხელი რკინა არ არსებობს და რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”- აღნიშნეს სტუდენტებმა.