EU საქართველოში პროექტებს აჩერებს და მოლდოვაში გადააქვს

ევროკავშირის ოფიციალურ პლატფორმაზე ამ წუთებშიც ათობით მიმდინარე პროექტზე იძებნება ინფორმაცია, რომლებიც უკვე დაფინანსებულია და ქვეყნის განვითარებასა და  ევროინტეგრაციაზე არის ორიენტირებული- თუმცა ეს შესაძლოა მალე შეიცვალოს. “მთავარ არხს” წყარო აწვდის ინფორმაციას რომ პროექტების უდიდეს ნაწილს ევროკავშირი საქართველოში დახურვას უპირებს და მათ განხორციელებას მოლდოვაში გეგმავს. მიზეზი -ქართული ოცნების რუსული კანონია, რომელმაც ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას ძირი გამოუთხარა და ევროპული გზიდან ჩამოაშორა.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ევროკავშირის საელჩოში ვცადეთ. ოფიციალური მეილზე გვიპასუხეს რომ გადაწყვეტილებას ბრიუსელი იღებს და ინფორმაცია დაზუსტდება. მანამდე კი ათობით სხვადასხვა მიმართულების პროექტი, რომელიც ქვეყანაში უკვე ჩაშვებულია, დახურვის რეალური საფრთხის წინაშე დგას.

ყველა ამ პროექტში დონორი ორგანიზაციები ფულს ერთადერთი მიზნით ხარჯავენ- განავითარონ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი. გამომდინარე აქედან პროექტთა დიდი ნაწილი სწორად ადამიანის უფლებების დაცვასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზეა ორიენტირებული.

დისკრიმინაციული რუსული კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მაინც დაამტკიცა დასავლელი პარტნიორების მარგინალიზაციას და აგენტებად გამოცხადებას ისახავს მიზნად, შესაბამისად ამ კანონის მიღების შემდეგ საფრთხე შეექმნა ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობას, რომლებიც ამერიკულ თუ ევროპულ პროექტებს ქვეყანაში ახორციელებენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან დღემდე ევროპული გრანტებით ათობით პროექტია შესრულებული ჯანდაცვის, კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა დაცვის გარემოს დაცვით და განათლების მიმართულებით. ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი ამ დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

ოცნების მიერ  კანონის დამტკიცების შემდეგ ათობით ქართული ორგანიზაცია მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე უკვე დადგა. ერთ-ერთი მათგანი “ლურჯი ფარია”, რომელიც ევროპული დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა მუზეუმების განვითარების პროექტებზე მუშაობს. ევროპელი პარტნიორები დისკრიმინაციულ რეესტრში რეგისტრაციაზე უარს ამბობენ და რუსული კანონის ქვეშ მოქცევას საქართველოში პროექტების დახურვას ამჯობინებენ.

ევროკავშირისა და ამერიკის დაფინანსებით განხორციელებულ ასობით პროექტს შორის არის ისეთებიც, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს- უძველესი ისტორიული ტაძრების აღდგენით დაწყებული და უნიკალური ხატმწერითა თუ ფერწერით დასრულებული.

პროექტებს შორის   უმსხვილესია ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება, რომელმაც ცე ჰეპატიტისა თუ შიდსის ელიმინაციის პროგრამით დაწყებული, იშვიათი გენეტიკური პათოლოგიებითა თუ ქცევითი დარღვევებით დამთავრებულ პროექტებს ფარავს.

უმსხვილესია გარემოს დაცვითი ინვესტიცია ქვეყანაში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შესაქმნელად.

დაფინანსების უდიდესი წილი მოდის ადამიანის უფლებების დაცვაზე- უკეთესი ქვეყნისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ყველა ეს პროექტი ახლა  ერთმა კანონმა დახურვის საფრთხის პირისპირ დააყენა. რუსულმა კანონმა, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ანადგურებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share