ისტორიულ თამაშამდე სულ რაღაც ერთი დღე რჩება – მატჩამდე რამდენი საათით ადრე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ სავარაუდოდ, ოთარ კიტეიშვილი ხვალინდელ თამაშს გამოაკლდება.
მწვრთნელმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ტაქტიკაში ცვლილებები არ იქნება და ფეხბურთელები სრული პასუხისმგებლობითა და მონდომებით იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატზე.
მარტის ფლეიობის შემდეგ ჩვენთვის რთული იყო, რომ ყოველდღიურ ვარჯიშებში ჩავრთულიყავით, რადგან გამარჯვების შემდეგ ვიყავით ემოციებში. მოვახერხეთ და ვფოკუსირდით ვარჯიშზე. მოთამაშეები სრულიად გადართულები არიან შედეგებზე და ბრძოლაზე. თუ ვისაუბრებთ მოწინააღმდეგის სიძლიერეზე, ეს დიდხანს გასტანს. ეს ჩვენთვისაც და თურქეთისთვისაც ევრო2024-ზე პირველი თამაშია და ეს დიდი წნეხია, თუმცა ჩვენი ბიჭები მზად არიან. საქართველოს ევრო2024-ზე გასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ამაში დიდი შრომა ჩავდე და ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი. დიდ მადლობას ვეტყოდი ფანებს, გულშემატკივრებს, რომლებიც ახლა გერმანიაში არიან, ან სახლებიდან აპირებენ, რომ უგულშემატკივრონ ქართველ ფეხბურთელებს. ჩვენ ფანტასტიკური გულშემატკივრები გვყავს. მათ უყვართ ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები”, – თქვა ვილი სანიოლმა.
18 ივნისი, დორტმუნდი, 20:00 საათი – ეს ქართული ფეხბურთის ისტორიული თარიღია. საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში პირველ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატზე გამართავს. ბრძოლას ჩვენი ფეხბურთელები თურქეთთან შეხვედრით იწყებენ. სტადიონზე კი მათ მხარდასაჭერად ათასობით ქართველი გულშემატკივარი იქნება. მატჩის ყველა ბილეთი დიდი ხანია გაყიდულია.