„ხუთშაბათს, 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რა საკითხს განიხილავენ წმ.სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები.
საპატრიარქოდან ჩვენი წყარო ამბობს, რომ სინოდის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხს განიხილავენ.
სავარაუდოდ, მეფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთავენ, რის მიზეზადაც იმ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სახელდება, რომელიც 2019 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე მის მიმართ გამოიტანეს.
2019 წლის 31 ოქტობერს წმ. სინოდმა განაჩინა, რომ: „მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი), რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.