დემოკრატებმა შესაძლოა ბაიდენი დაითანხმონ, რომ საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშოს – Axios

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ კონგრესის ლიდერები და ახლო მეგობრები აპირებენ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაარწმუნონ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშოს.

მათი ცნობით, შესაძლოა ბაიდენი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში არაუმეტეს მიმდინარე კვირის ბოლომდე დაითანხმონ.

Axios-ის ინფორმაციით, პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ თუკი იგი რბოლაში დარჩება, ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა შესაძლოა გამარჯვება დიდი უპირატესობით შეძლოს.

გამოცემის თქმით, პირად საუბრებში დემოკრატიული პარტიის მოწინავე ლიდერებს, მისი მეგობრებსა და უმსხვილეს დონორებს სჯერათ, რომ ბაიდენი ვერ გაიმარჯვებს, კონგრესში პარტიას უმრავლესობას ვერ მოაპოვებინებს. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ბაიდენი საკუთარ ასაკთან მიმართებით არსებული განწყობის შეცვლასაც ვერ მოახერხებს.

აშშ-ში ტრამპსა და ბაიდენს შორის პირველი წინასაარჩევნო დებატებში ბაიდენის ცუდი გამოსვლის შემდეგ მის მიმართ საკუთარი პარტიის მხრიდან რბოლის გამოთიშვასთან დაკავშირებით წნეხმა იმატა.

AP-ის გამოკითხვის მიხედვით, დარეგისტრირებული დემოკრატების ორ-მესამედს მიაჩნია, რომ ბაიდენი რბოლას უნდა გამოეთიშოს.

ხოლო ABC News-ის ინფორმაციით, 13 ივლისს, მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ტრამპის მოკვლა სცადა, სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ბაიდენს რბოლიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნა ურჩია. თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, რბოლიდან გამოთიშვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ჯო ბაიდენს შეუძლია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share