29 ივლისს, პარიზში სამი ქართველი გამოვა – ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი და ლაშა გურული

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ორი ძიუდოისტი, ერთიც მოკრივე. შეიძლებოდა ოთხი ქართველის დღე ყოფილიყო, მაგრამ მოცურავე ნოე ფანცხავამ 28 ივლისს კვალიფიკაცია ვერ გადალახა.

ეთერ ლიპარტელიანი – უკეთ, ვიდრე ტოკიოში

ძიუდო – 57 კგ

29 ივლისს ძიუდოში ორი ქართველი იასპარეზებს. ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში გამოვა ეთერ ლიპარტელიანი.

ქართველი ძიუდოისტი “შამპ დე მარსის” დარბაზში პირველი წრიდან ჩაერთვება, მისი მეტოქე ბრიტანელი ლელე ნაირნი იქნება. ეთერის პირველი შეხვედრა პირველ ტატამიზე რიგით მე-11 იქნება. ქართველი, მოგების შემთხვევაში, მომდევნო წრეში უზბეკ შუხურჯონ ამინოვასა და კოტ დივუარელ აბზეტა ზულეიჰა დაბონეს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ლიპარტელიანის კარიერის საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალია (ორჯერ), ხოლო ტოკიოს ოლიმპიადაზე მას ერთი ნაბიჯი დააკლდა მედლამდე – მაშინ ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო იაპონელ ცუკასა იოშიდასთან.

ლიპარტელიანმა წინა ოლიმპიადაზე მე-5 ადგილი დაიკავა

ლაშა შავდათუაშვილი – ოლიმპიადის მეოთხე მედლისთვის

ძიუდო – 73 კგ

ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაზე გამოვა ლაშა შავდათუაშვილი და ასევე ზედიზედ მეოთხედ ეცდება მედლის მოპოვებას.

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი პირველ ბრძოლას მეორე ტატამიზე გამართავს, რიგით მეცხრეა მისი შეხვედრა ჩანიშნული, მეტოქე კი მასპინძელთა წარმომადგენელი, ჟოან-ბენჟამინ გაბა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ლაშას ტანზანიელ თომას ენდრიუ მლუგუსთან ან სამოელ უილიამ ტაი ტინთან მოუწევს ბრძოლა. ზოგადად, შავდათუაშვილს წილისყრაში არ გაუმართლა, რადგან მეოთხედფინალში მისი გზა იაპონელ ჰაშიმოტო სოიჩისთან იკვეთება.

ლაშას ოლიმპიადა უმედლოდ არ დაუსრულებია

ლაშა შავდათუაშვილი 2012 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 2016 წელს რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ტოკიოში უკვე ვერცხლს დაეუფლა, ასე რომ, სამივე სინჯის მედალოსანია ოლიმპიურ თამაშებზე. თუმცა, რატომაც არა მე-4 მედალი? ძიუდოს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან აიღებს სტარტს.

ლაშა გურული – სტარტი მერვედფინალიდან

კრივი – 63 კგ.

კრივში 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობას 29 ივლისს დაიწყებს ლაშა გურული, რომელსაც მედლის მოპოვების ამბიცია უნდა ჰქონდეს. 27 წლის ქართველი მოკრივე შეჯიბრში მერვედფინალიდან აიღებს სტარტს, მისი პირველი მეტოქე კი, აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვია. ბრძოლა თბილისის დროით 22:48 საათზეა დაგეგმილი. გურული ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონია, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.

პარიზი 2024. 29 ივლისის მთავარი მოვლენები (მედლები)

11:30: სროლა (10 მეტრის დისტანციიდან, ქალთა ფინალი)
13:00: წყალში ხტომა (კაცთა სინქრონის ფინალი 10 მეტრის სიმაღლიდან)
13:00: ცხენოსნობა (გუნდური ფინალი)
14:00: სროლა (10 მეტრის დისტანციიდან, კაცთა ფინალი)
16:10 სამთო ველოსპორტი (კაცები, ქროს-ქანთრი)
17:00: ცხენოსნობა (ინდივიდუალური ფინალი)
18:00: ძიუდო (ქალები. 57 კგ)
18:00 ძიუდო (ვაჟები. 73 კგ)
18:48: მშვილდოსნობა კაცთა გუნდური (ბრინჯაოს და ოქროს მედლის ფინალები)
19:00: სკეიტბორდი (კაცები. ქუჩა)
19:20: კანოეს სლალომი (კაცთა ინდივიდუალური ფინალი)
19:30: მხატვრული ტანჯვარჯიში (კაცთა გუნდის ფინალი)
22:30: ცურვა (ქალთა ფინალი. 400 მეტრი)
22:40 ცურვა (კაცთა ფინალი. 200 მეტრი)
22:50: ფარიკაობა (ქალთა ბრინჯაოს და ოქროს მედლის ფინალები)
23:15: ფარიკაობა (კაცთა ბრინჯაოს და ოქროს მედლის ფინალები)

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share