„საქართველო ნახევარ-დემოკრატია კი არ არის, რეალურად ავტოკრატიისკენ სერიოზულად გადახრილი სახელმწიფოა და სწორედ ამიტომ არის რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფს, რომელიც რეალურად აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას,“ – ამ განცხადებას „დღის ამბებთან“ გიორგი რუხაძე საუბრობს.
გიორგი რუხაძის თქმით, აშშ-ში მოახლოებული არჩევნების ფონზე, საქართველოს საკითხი აქტუალურია, რაც ნიშნავს, რომ პარტნიორი საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს განსაკუთრებულად აკვირდება.
”მიუხედავად ასეთი ცხელი პერიოდისა, ამერიკელი კანონმდებლები იცლიან განიხილონ აქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, თუ საით წავა ქვეყანა – ერთი მხრივ, იქნება ეს საქართველოს ხელისუფლების დასჯის მექანიზმი უკვე გარდასახული საკანონმდებლო აქტში და მეორე მხრივ, ეს იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერის აქტი, სწორედ ასე ჰქვია სენატში ამ საკანონმდებლო აქტს, რომელიც არის ტყუპისცალი წარმომადგენელთა პალატაში მეგობარი აქტის. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პოლიტიკა დღეს იხარშება წინასაარჩევნო კონტექსტში, ის, რომ საკანონმდელო ორგანო იცლის საქართველოსთვის, ეს მიანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო აშშ-ისთვის, თუ რამდენად ძლიერია ვაშინგტონის მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი და მეორე მხრივ, თუ რამდენად წუხილები ამერიკულ პოლიტიკაში რამდენად დიდია იმასთან მიმართებაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიატოვა დასავლური ორიენტაცია ქვეყნის, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას, ქვეყანა მიჰყავს ავტორიტარიზმისკენ, რუსეთისკენ, ჩინეთისკენ და შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის ხელისუფლებაც – საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე, უკვე ჰყოფს ერთმანეთისგან ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას, ეს არ ხდება ხოლმე დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ეს ხდება უკვე შემდგარ ავტოკრატიებში და ეს არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ საქართველო საით მიდის – საქართველო ნახევარ-დემოკრატია კი არ არის, რეალურად ავტოკრატიისკენ სერიოზულად გადახრილი სახელმწიფოა და სწორედ ამიტომ არის რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფს, რომელიც რეალურად აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას,“ – ამბობს გიორგი რუხაძე.