რუსეთმა დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცოცხალი ძალის დანაკარგის შესავსებად გადაისროლა პატიმრებით სავსე ეშელონი, რომელშიც ქალი მსჯავრდადებულებიც იმყოფებოდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაცია გამოცემა „ვაჟნიე ისტორიისთან“ დაადასტურა მოძრაობა „რუს სიდიაშჩაიას“ დამფუძნებელმა, ოლგა რომანოვამ. მან განაცხადა, რომ ქალები რუსეთის სამხრეთში არსებული კოლონიებიდან გაიყვანეს.
“გასულ კვირას, დაფიქსირდა პატიმრების გადასაყვანი ვაგონებიანი მატარებლის მოძრაობა დონეცკის რეგიონში. ერთ-ერთ ვაგონში მსჯავრდადებული ქალები იმყოფებოდნენ“, – აღნიშნავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
ოლგა რაომანოვას თანახმად რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ ასეთი აქცია გასული წლის ბოლოსაც განახორციელა. „ისინი რუსეთის სამხრეთ რეგიონში არსებული კოლონიებიდან წაიყვანეს. ზუსტად ზონა არ ვიცი, მაგრამ ისინი მუშაობდნენ კუშჩევკაში (კრასნოდარის მხარე). სადღაც ორი თვის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში, სათბურებსა და ძროხების ფერმაში ჰყავდათ“, – ამბობს რომანოვა, რომელიც დასძენს, რომ იქ მყოფი დაახლოებით ასი პატიმარი ქალი შემდგომში უკრაინაში გაგზავნეს.
ამავე დროს, ოლგა რომანოვას თქმით, რუსეთის ციხეებში მყოფი პატიმრების გადაბირებას და უკრაინაში საომრად გაგზავნას ამჟამად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებენ.
მისი თქმით, ამჟამად ცნობილია მინიმუმ ორი სასჯელაღსრულების კოლონია-ვოლგოგრადისა და კემეროვოს რეგიონებში – სადაც პატიმრები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გადაიბირეს. მანამდე პატიმრების გადაბირებით ძირითადად კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის“ წარმომადგენლები იყვნენ დაკავებული. კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად რამდენჯერმე ჩავიდა კოლონიებში და პატიმრებს აგიტაციას უწევდა უკრაინაში ომში წასასვლელად.
რადიო თავისუფლება