ხელისუფლებამ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა – ADC

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია გაავრცელეს. კონსორციუმის თქმით, “მნიშვნელოვანია ამ საკითხის შესაბამისი კონტექსტის ფარგლებში გააზრება”.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის ქმედებებმა და ანაკლიის პორტის თავდაპირველი პროექტისა და ინვესტორების წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ პროექტის განვითარების წლობით დაყოვნება გამოიწვია.

“ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღნიშნულიდან არაფერს არ ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გამარჯვებად მიიჩნევს, იგი არ შეიძლება გამარჯვებად ჩაითვალოს. გადაწყვეტილება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება ვერ შეასრულა. აღნიშნული არ აახლოებს საქართველოს ანაკლიის პორტთან და ყველა მის თანმდევ ეკონომიკურ სარგებელთან. და ამ ყველაფერში ბრალი მხოლოდ ამ ხელისუფლებას მიუძღვის”. – წერია განცხადებაში.

კონსორციუმის ინფორმაციით, მთავრობამ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე არასწორად აღნიშნა კონსორციუმის მიერ მოთხოვნილი თანხის რაოდენობა, მოიტყუა, რომ არბიტრაჟმა მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურება მთავრობის სასარგებლოდ დააკისრა და არ ახსენა ფაქტი, რომ მთავრობას კონსორციუმის წინააღმდეგ დაყენებულ ყველა მოთხოვნაზე უარი ეთქვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამი არბიტრიდან ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სასარგებლოდ ერთმა, ხოლო მთავრობის სასარგებლოდ ორმა მისცა ხმა.

“რეალური სურათის აღსაქმელად:

• პირველ რიგში, სამი არბიტრიდან, ერთ-ერთმა დაწერა განსხვავებული აზრი ADC-ის სასარგებლოდ. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ტრიბუნალმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის სასარგებლოდ.

• მეორე, მინისტრმა რატი ბრეგაძემ არასწორად აღნიშნა, რომ ADC-ის მოთხოვნა შეადგენდა 1.5 მილიარდ დოლარს. რეალურად, მოთხოვნა აღნიშნული თანხის მესამედზე ნაკლები იყო.

• მესამე, მთავრობას, ADC-ს წინააღმდეგ დაყენებულ ყველა მოთხოვნაზე, ერთხმად ეთქვა უარი.

• მეოთხე, მთავრობის სასარგებლოდ არ მომხდარა ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ADC-ს დაევალა ტრიბუნალისა და საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება, საქართველოს მოთხოვნა, ADC-ს აენაზღაურებინა სახელმწიფოს მიერ გაწეული საგულისხმო ოდენობის სამართლებრივი და სხვა სახის ხარჯები, არ დაკმაყოფილდა”. – აღნიშნულია განცხადებაში.

ADC-ის თქმით, საკითხის განხილვა არ დამთავრებულა და ICSID (International Centre for Settlement of Investment Disputes) საარბიტრაჟო განხილვაში ანაკლიის პროექტის მიმართ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების დარღვევაზეც იმსჯელებს.

“ასე რომ, ვიწრო სამართლებრივ ხედვით, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ უპირატესობა, თუმცა რეალურად დაზარალებული ამ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობაა, რადგან მთავრობა არ განახორციელებს პროექტს იმგვარად, როგორც ამას საქართველოს მოსახლეობას თავდაპირველად დაჰპირდა. აღნიშნულმა საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა ათიათასობით სამუშაო ადგილი, ეკონომიკური შესაძლებლობები და რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაში სათანადო სტატუსი”. – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის არსებული სამართლებრივი დავა მთავრობის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

დავის საფუძველს ანაკლიის პორტის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება წარმოადგენდა.

საარბიტრაჟო სარჩელი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შეიტანეს. სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობასა და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას.

პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, 650 000 დოლარის გადახდა დაეკისრა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share