“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ პროექტის მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ სისტემისთვის მიუღებელი ადამიანების მტრად შერაცხვა, მათი დევნა და დაშინებაა.
ყოფილი დეპუტატები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, შეწყვიტონ საზოგადოებაში დაპირისპირების ხელოვნურად გამწვავება და კანონის განხილვა.
“საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტმა უდიდესი საფრთხე შეუქმნა როგორც, საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, ასევე დემოკრატიას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ, გასული წლის მოვლენებმა ცხადად დაგვანახა ქართული საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მკაფიო უარყოფითი დამოკიდებულება “რუსული კანონის” მიმართ, მმართველმა პარტიამ დაარღვია საჯარო პოლიტიკური დაპირება და ხელახლა განიზრახა მისი მიღება, რითაც ხელოვნურად შექმნა განხეთქილება, ერთის მხრივ, ქართულ საზოგადოებაში, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს შორის. ეს მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესს წარმოადგენს.
ამ კანონპროექტის თვით განხილვაც კი, ემსახურება არა გამჭვირვალობის ინტერესს, არამედ იმ ქვეყნების მტრად წარმოჩენას, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, დღესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტორები არიან და რომელთა დახმარებით საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ ინიციატივის მიზანია არა გამჭვირვალობა, არამედ სისტემისთვის მიუღებელი ადამიანების “მტრად” შერაცხვა, მათი დევნა და დაშინება, როგორც ეს ბოლო დღეების მოვლენებმაც გვაჩვენა. საგანგაშოა ბოლო პერიოდში მომრავლებული ძალადობისა და მუქარის ფაქტები, რომლებსაც აშკარად ორგანიზებული სახე აქვს და რომლებმაც უკვე მიიღო ფიზიკური ანგარიშსწორების ფორმა. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები რეაგირების გარეშე ტოვებენ ასეთ ძალადობრივ შემთხვევებს.
შარშანდელის მსგავსად, ამჯერადაც მივმართავთ “ქართულ ოცნებას” და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს: გაიაზრეთ საკუთარი პასუხისმგებლობა; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ საზოგადოებაში დაპირისპირების ხელოვნურად გამწვავება; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა.
პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე ეკისრება არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ პარტიას, არამედ თითოეულ პარლამენტის წევრს ინდივიდუალურად! საქართველოს გზა არის ევროპისკენ და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს!”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: თედო ჯაფარიძე – VIII მოწვევის პარლამენტის წევრი; საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016 წწ); თამარ ჩუგოშვილი – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.); ეკა ბესელია – VIII და IX მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ( 2012-2018 წწ) თამარ ხულორდავა – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.); დიმიტრი ცქიტიშვილი – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.); ირინა ფრუიძე – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.); აკაკი ზოიძე – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.); ნინო გოგუაძე – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.); ზაზა ხუციშვილი – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.); ლევან კობერიძე – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.); გიორგი მოსიძე – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2016-2019 წწ.); ლევან გოგიჩაიშვილი – IX მოწვევის პარლამენტის წევრი; ანი მიროტაძე – VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ხეჩინაშვილი – VIII მოწვევის პარლამენტის წევრი; სოსო ვახტანგაშვილი – VIII მოწვევის პარლამენტის წევრი; ფრაქცია “ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე”; გედევან ფოფხაძე – VIII და XI მოწვევების პარლამენტის წევრი.