ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალთა გაძლიერებისა და განვითარების მიმართულებით ახალი პროექტის შესახებ იმსჯელეს.
საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წინაშე „ქალთა ფონდი საქართველოში“-სა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ პოექტების მენეჯერმა ნანა სიხარულიძემ წარადგინა.
პროექტი მიზნად ისახავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების თემის ქალთა ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული საჭიროებების გამოკვლევას, მათი უნარების გაძლიერებას და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას.
შეხვედრაზე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ წარმოდგენილი პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ გადადგმული თითოეულ ნაბიჯს, მით უფრო თუ ის მოწყვლადი ჯგუფების თემს ეხება.
პროექტის მნიშვნელობისა და განსაზღვრული აქტივობების მხარდაჭერის თაობაზე, ასევე, ისაუბრა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო ჭანიშვილმა.
„ფინანსურად ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი არის ჩვენი საქმიანობის მთავარი სამიზნე. მივესალმებით და მხარს დავუჭერთ პროექტს, რომელიც რეგიონში მცხოვრები იმ ქალების გაძლიერებას ემსახურება, რომლებსაც სხვების დახმარების გარეშე უკვე აქვთ თავიანთი მცირე მეურნეობები, აქვთ საკუთარი მცირე ბიზნესი. მომავალში ამ პროექტში შეძენილი უნარ-ჩვევებით კიდევ უფრო გაძლიერდებიან და ამით სტიმულის და მაგალითის მიმცემები იქნებიან სხვა ქალებისთვის“ – ნინო ჭანიშვილმა, ასევე, აღნიშნა რომ გენდერული თანასწორობის მიღწევის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი სწორედ ქალთა გაძლიერებაზე გადის.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ბენეფიციარი ქალბატონებიც, რომლებიც ამ ეტაპზე უკვე მისდევენ შინსაქმეს. შესაბამისად, აქვთ სურვილი და მოტივაცია, რომ მათი საქმე უფრო მეტი ეკონომიკური სარგებლობის მომტანი გახდეს მათი ოჯახებისთვის.
ოზურგეთის საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრ სიპისის“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
პროექტს – „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“, „ქალთა ფონდი საქართველოში“-სა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.