შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური დღევანდელი აქციის მონაწილეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება.
გომელაური ამბობს, რომ “ოპერატიული ინფორმაციით”, დაგეგმილია ორი დღის განმავლობაში შეკრებამ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს.
“კანონმდებლობა სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, მიიღოს სათანადო, პროპორციული ზომები ძალასდობრივი და კანონსაწინააღმდეგო შეკრების წინააღმდეგ. როგორც პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაგაკეთებული განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შესვლა.
გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება, სსსკ-ის 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა, ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.
გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა, სსსკ-ის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია, შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სსსკ-ის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ”, – აცხადებს გომელაური.
დღეს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. მოქალაქეები აპირებენ ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენონ.