გაერო მსოფლიოს ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსების რეკორდულ დეფიციტს განიცდის, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მდიდარი დონორი ქვეყნები უკრაინის დახმარებაზე არიან ორიენტირებულნი. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ოფისის ხელმძღვანელის თქმით, სააგენტოებსა და კერძო ჯგუფებს, რომლებთანაც ისინი მუშაობენ, 2022 წელს 48,7 მილიარდი დოლარი დასჭირდებათ 200 მილიონზე მეტი ადამიანის დასახმარებლად. თუმცა, შვიდ თვეზე მეტ დროში ამ თანხის მესამედზე ნაკლები შეგროვდა.
”ეს არის დაფინანსების ყველაზე დიდი ხარვეზი, რაც ჩვენ ოდესმე გვინახავს, ძირითადად იმიტომ, რომ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, სწრაფად იზრდება”, – განაცხადა მარტინ გრიფიტსმა, გაეროს ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების ოფისის ხელმძღვანელმა.
დახმარების ძირითადი ნაწილი რამდენიმე დონორი ქვეყნიდან მოდის – აშშ, ევროკავშირი, რამდენიმე შერჩეული ევროპული ქვეყანა, იაპონია და კანადა. თანხებს გაერო ანაწილებს, მაგრამ ყველაზე ხშირად დონორები ფულს კონკრეტული პროგრამებისა და სახელმწიფოებისთვის გამოყოფენ.
The New York Times აღნიშნავს, რომ უკრაინაში არსებული ვითარების გარდა, სასურსათო კრიზისმა, პანდემიამ, ავღანეთის კრიზისმა და სხვა ქვეყნებში კონფლიქტებმა დაფინანსების ნაკლებობა და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდა გამოიწვია.
გაეროს უახლესი მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ქვეყნიდან წასული უკრაინელების რაოდენობამ 6,6 მილიონს გადააჭარბა. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაგმო მოსკოვის ქმედებები და უკრაინას დახმარება გაუწია. მარტო ივნისში უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მოცულობამ 12,9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
bpn.ge