რუსეთში, უკრაინის ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი პაველ კუშნირი 39 წლის ასაკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული ბიურო ავრცელებს.
შემთხვევა რუსეთის ებრაული ავტონომიური ოლქის ქალაქ ბირობიჯაში მოხდა. რუსი აქტივისტი 39 წლის იყო. ის 27 ივლისს უკრაინის ომის გასაპროტესტებლად დაწყებული მშრალი შიმშილის შედეგად გარდაიცვალა.
პაველ კუშნირი ფილარმონიაში მუშაობდა. მან გამოაქვეყნა წიგნი, სადაც გმობდა ომს. გარდა ამისა, მას ანტიფაშისტური ხასიათის YouTube არხიც ჰქონდა.
კუშნირი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის კრიტიკისთვის დააკავეს. მისი დაკავების შესახებ პირველად სოციალურ ქსელ Вконтакте-ზე გვერდმა, სახელით „არატიპური ბირობიჯანი“ გამოაქვეყნა. გვერდის წევრების თქმით, კუშნირი მაისის ბოლოს ФСБ-მ დააკავა, რომელმაც კუშნირის ნივთებში FBI-ს აგენტის თვითნაკეთი მოწმობა აღმოუჩინა. კუშნირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდების მუხლით აღიძრა.
კუშნირის სიკვდილის შესახებ მისი მეგობრისგან, მუსიკოსი ოლგა შკრიგუნოვასგან და „მჯდომარე რუსეთის“ პროექტის ხელმძღვანელისგან, ოლგა რომანოვასგან გახდა ცნობილი.