ამერიკის ელჩის რეზიდენციაში საზეიმო მიღება ცოტა ხნის წინ დასრულდა. სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წევრები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ყოფილი პოლიტიკოსებიც – ირაკლი ალასანია, თამარ ჩუგოშვილი, ასევე ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი და ყოფილი პრემიერი, ნიკა გილაური.
გილაურმა მედიის შეკითხვებს, მათ შორის იმას, აპირებს თუ არა პოლიტიკურად გააქტიურებას, არ უპასუხა.
“არაფერი უბრალოდ სენატორთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, დამპატიჟეს და გავისაუბრეთ საქართველოზე რა თქმა უნდა”, – თქვა ირაკლი ალასანიამ.
თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ ეს არ არის რეგიონული ვიზიტი, როდესაც სენატორი რამდენიმე ქვეყანას ეწვია და მათ შორის საქართველოშიც ჩამოვიდა.
“ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ უბრალოდ ის, რომ აქვთ მოლოდინი ან იმედი იმისა, რომ საქართველო დაუბრუნდება განვითარების ნორმალურ გზას, საიდანაც აცდენილია, რა თქმა უნდა”, – თქვა ჩუგოშვილმა.
შეხვედრას სრული შემადგენლობით ესწრებოდა ოპოზიცია.