ზღვაზე დასვენება 20 პროცენტით გაძვირდა

საზღვაო კურორტებზე წელს არნახულად დიდი მოთხოვნაა. სასტუმროების უმეტესობა მაღალი დატვირთვით მუშაობს, რამაც გარკვეული გავლენა ფასებზეც მოახდინა და დაახლოებით 20%-ით გააძვირა. განსაკუთრებით ეს იგრძნობა ზღვისპირა კურორტებზე, მთიან რეგიონებში ამ მხრივ ცვლილება არ არის, რაც გარკვეულწილად, გამოწვეულია იმითაც, რომ ზღვასთან შედარებით, ამ სეგმენტში ნაკლები აქტივობაა.

როგორც საოჯახო სასტუმროებში აცხადებენ, წლევანდელი სეზონი უმეტესწილად უხვნალექიანი იყო, მაგრამ ამას ტურისტული აქტივობა არ შეუმცირებია. წინა წლის მსგავსად, წელსაც რუსი ტურისტები ლიდერობენ. იმ ნაწილმა, რომელიც ადრე აფხაზეთში ისვენებდა, უსაფრთხოების რისკის გამო  საქართველოში გადმოინაცვლა, რამაც ტურისტული ნაკადის ზრდაზე ასევე იქონია გავლენა.

როგორც ბათუმში მდებარე საოჯახო სასტუმროებში აცხადებენ, წინა წელთან შედარებით დატვირთვა 10-15%-ით მეტია, შესაბამისად, ტარიფებიც მზარდია. ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს ხელმძღვანელი ნინია ბეგლარიშვილი ამბობს, რომ შეკვეთებმა განსაკუთრებით ივლისის მეორე ნახევრიდან მოიმატა და ეს დინამიკა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლომდე შენარჩუნდება.

,,ჩვენი სასტუმრო საშუალო შეძლების მომხმარებელზეა არის გათვლილი, საკმაოდ ბიუჯეტურია და ტურისტების მხრიდან ინტერესს ამ მხრივაც იწვევს. წელს, ძირითადად, წვიმიანი ამინდი იყო, მაგრამ ამას დამსვენებლების არ შეუშინებია, მით უმეტეს უცხოელები. შიდა ტურისტებისგან განსხვავებით, ისინი მაინც გადიოდნენ გარეთ და დროის ძირითად ნაწილს გართობაში ატარებდნენ. ქართველები ამ მხრივ უფრო პრეტენზიულები არიან, ამიტომ ყველა ცდილობს დასვენება ამინდს მოარგოს.

წელს ევროპელი ტურისტებიც ბევრია და სხვა ქვეყნებიდანაც, განსაკუთრებით რუსეთიდან. აფხაზეთი რუსებისთვის უსაფრთხო ტურისტული ადგილი ნამდვილად არ არის, ამიტომ ბევრი საქართველოს ირჩევს, ეს რუსული ტუროპერატორების აქტივობაშიც ჩანს.

რაც შეეხება ფასს, დამსვენებლების რაოდენობიდან გამომდინარე, გაგვეზარდა ხარჯი, 28 ადამიანზეა ჩვენი სასტუმრო გათვლილი და როცა სრული დატვირთვაა, ტარიფიც შესაბამისად იცვლება. ახლა დაახლოებით 20%-იანი ზრდაა, სეზონის ბოლოს შეიძლება დავაკორექტიროთ და ტარიფი დავწიოთ”, – აღნიშნა ნინია ბეგლარიშვილმა .

განსხვავებული მდგომარეობაა ანაკლიაში. ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებში აცხადებენ, რომ  ეს ადგილი უცხოელი ტურისტებისთვის გარემო ნაკლებად მიმზიდველია, რის გამოც ანაკლიის, ასევე განმუხურის კურორტები უფრო შიდა ტურისტებზე მუშაობენ.

ანაკლიაში მდებარე სასტუმრო “თეთრი სახლი ანაკლიაში“  შარშანდელთან შედარებით, მეტ ტურისტს მასპინძლობს. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი მარინე თოდუამ აღნიშნა,  ამჟამად 70%-ს აღწევს დატვირთულობა, როცა შარშან 50% იყო. მისივე აზრით, ანაკლიის მთავარი პრობლემა დაბალი ცნობადობაა, ამიტომ უცხოელი ტურისტების მოზიდვა უჭირთ.

“წლების წინ, როდესაც ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალები აქტიურად ეწყობოდა, 100%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით. თანდათან იკლო ფესტივალებმა და ჩვენც შეგვიმცირდა მომხმარებელი, თუმცა წელს ახალი ფესტივალი ტარდება და ეს ტურისტულ აქტივობებზეც დადებითად იმოქმედებს. ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა ვითარდება, ჩვენც უფრო მეტი დატვირთვით გვიწევს საქმიანობა.

უფრო მაინც  ადგილობრივი დამსვენებლები გვაკითხავენ, რომლებიც მცირე ხნით ქირაობენ ნომრებს, დიდი ხნით ტურისტი აქ ნაკლებად ჩერდება. გაკეთდა ატრაქციონი, ბულვარი და სანაპირო ზოლი მოწესრიგდა და ამანაც ცოტათი გამოაცოცხლა კურორტი. ეს ყველაფერი ძალიან დაგვეხმარა ადგილობრივი დამსვენებლების მოზიდვაში, 70%-იანი დატვირთვა გვაქვს, რაც ნორმალურია.

უცხოელებზე ჯერ ვერ ვფიქრობ, რადგან ამის რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესს ნაკლებად აქვს.  მარკეტინგული კამპანია უნდა გააქტიურდეს, ამისთვის ადგილობრივი ტურისტული კომპანიების როლიც მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მარინე თოდუამ.

ერთ-ერთი პრობლემა, რაც ქართული ტურიზმის განვითარებას აფერხებს,  მხარჯველუნარიანი ტურისტების დიდი სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა. საუბარი არ არის მხოლოდ სასტუმროებისა და რესტორნების ხარჯზე, ძვირია აბსოლუტურად ყველა სერვისი, მათ შორის, გასართობი სივრცეები, ნაკრძალები  და სხვა, რაც მოთხოვნაზე უარყოფითად მოქმედებს.

ის, რომ პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია, ,,რეზონანსთან” რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემაც დაადასტურა.:

„რაოდენობრივად ყველაზე მეტი რუსი ტურისტია, შემდეგ მოდის მეზობელი სახელმწიფოები და მერე უკვე ევროპის ქვეყნები. მხარჯველუნარიანი ტურისტი შეგვიმცირდა, ე.წ. ზურგჩანთიანი ტურისტი უფრო მეტია, რაც საბოლოოდ შემოსავლებზე ნეგატიურად მოქმედებს. ეს მდგომარეობა რომ შევცვალოთ, მნიშვნელოვანია, ჰორეკა სექტორში ევროპული სტანდარტების დანერგვაზეც ვიფიქროთ. ამაში იგულისხმება კვალიფიციური კადრების მომზადებაც, რისთვისაც სექტორი სახელმწიფოსთან აქტიურად თანამშრომლობს.

არ არის მარტივი, რომ ქვეყანამ მხარჯველი ტურისტი მოიზიდოს, საბერძნეთიც კი, რომელიც ჩვენთან შედარებით, განვითარებული ქვეყანაა, ამ მხრივ პრობლემას აწყდება. სერიოზული სამუშაოებია ამ კუთხით ჩასატარებელი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share