“ამქვეყნიურ ხელისუფალთ ხშირად უჩნდებათ ხოლმე სურვილი, რომ ღმერთის სახელით მიიღონ ხმები, როგორც მორწმუნეებმა, მლოცველებმა და მომავალმა სამოთხის ბინადრებმა – ამჯერად ეს არ გამოუვიდათ” – გირჩის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ მართლმადიდებლობის როლთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ჩანაწერზე ტაბულასთან ისაუბრა.
“მთავრობამ ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე თქვა, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებდა მართლმადიდებლობას, რაზეც ეკლესიისგან ცივი უარი მიიღო. საკუთარი მდგომარეობის გამოსასწორებლად, თითქოს, რაღაც ტყუილად არ უთქვამთ, ეკლესიას შესთავაზეს, ჩაეწერათ კონსტიტუციაში ის, რაც ახლა წერია. მართლმადიდებელი ეკლესიის როლთან დაკავშირებით ახლაც არის კონსტიტუციაში ჩანაწერი.
[მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით] ეკლესია იქცეოდა ადმინისტრაციულ ორგანოდ, სახელმწიფოს დაქვემდებარებულად, ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამას. ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს – ერთი ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ზრუნავს და მეორე იმქვეყნიურზე.
ამქვეყნიურ ხელისუფალთ ხშირად უჩნდებათ ხოლმე სურვილი, რომ ღმერთის სახელით მიიღონ ხმები, როგორც მორწმუნეებმა, მლოცველებმა და მომავალმა სამოთხის ბინადრებმა – ამჯერად ეს არ გამოუვიდათ, რადგან ეკლესიამ არ ისურვა ხელისუფლების დაქვემდებარებაში ყოფნა, ადმინისტრაციულ ორგანოდ გახდომა” – ამბობს იაგო ხვიჩია.
არჩევნებამდე 2 თვით ადრე ივანიშვილის რეჟიმმა ეკლესიას სახელმწიფო სტატუსი შესთავაზა, თუმცა ეკლესიისგან უარი მიიღო.
უარის შემდეგ ხელისუფლება და ეკლესია წინასაარჩევნო გზავნილზე შეთანხმდნენ: საქართველოს კონსტიტუციაში არსებული სიმბოლური ჩანაწერი ეკლესიის შესახებ უნდა შეივსოს. როგორც პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, საუბარი შეეხება სიმბოლურ დანამატს.
“მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ დავთანხმდით არის ის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი, განმსაზღვრელი ან საფუძველი – ასეთი ჩანაწერი იქნება, მაგრამ საბოლოო ვერსიაზე კიდევ შევთანხმდებით ერთმანეთთან […] აბსოლუტური თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაიწეროს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში და მართლმადიდებლობაში”. თქვა ზვიადაძემ.
პროტოპრესვიტერი ასევე ამბობს, რომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს.
„საქართველოს სახელმწიფო აღიარებს საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და დაემატება “თანამედროვებაში”- ამბობს პროტოპრესვიტერი.