Reuters-ი 2 ამერიკელ მკვლევარზე დაყრდნობით წერს, რომ მათ მიაგნეს ახალი რუსული ატომური იარაღის, ფრთოსანი რაკეტების, 9M370 Burevestnik-ის განლაგების სავარაუდო ადგილს.
სააგენტოს ცნობით, ახალი რაკეტების განლაგების ადგილს მკვლევრებმა Planet Labs-ის მიერ 26 ივლისს გადაღებული სურათების გამოყენებით მიაგნეს. ობიექტი მოსკოვის ჩრდილოეთით, დაახლოებით 475 კილომეტრში მდებარეობს.
კრემლის ბირთვულ შეიარაღებაში ამ ახალ ფრთოსან რაკეტებს ვლადიმირ პუტინმა “უძლეველი” უწოდა.
პუტინის მტკიცებითვე, ამ იარაღს, რომელსაც NATO-ში SSC-X-9 Skyfall უწოდეს, მოქმედების თითქმის შეუზღუდავი არეალი აქვს და შეუძლია აშშ-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გვერდის ავლა.
Burevestnik-ის სტრატეგიული ღირებულების, მისი ტესტირების ჩანაწერების და რისკების შესახებ Reuters-ის კითხვებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და ვაშინგტონის საელჩომ არ უპასუხეს.