ბლინკენი კიევში: საკვანძო საკითხი ესაა – ჩვენ გვინდა, უკრაინამ გაიმარჯვოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში გამართული ვიზიტისას უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ მოკავშირეები უკრაინის გამარჯვების მიმართ სრულად ერთგულნი რჩებიან.

ბლინკენის თქმით, აშშ-ს სურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

“ჩვენ სრულად ერთგული ვრჩებით უკრაინის გამარჯვების მიმართ – უზრუნველვყოთ არა მხოლოდ ის, რომ უკრაინამ დღეს თავის დაცვა შეძლოს, არამედ ისიც, რომ მან დამოუკიდებლად, მტკიცედ, სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად, დემოკრატიულად, მრავალი დღის მანძილზე ფეხზე დგომა შეძლოს, რათა უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ გზას მიაღწიოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის მხრივ, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში”. – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ გამოილევა და ერთიანობა არ გატყდება, ხოლო პუტინი ვერ შეძლებს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციაზე მეტხანს გაძლოს.

ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ბოლო პერიოდში ზელენსკი აშშ-ს ATACMS-ის რაკეტებზე შეზღუდვის მოხსნას სთხოვდა, რათა უკრაინამ რუსეთში შეიარაღების საწყობებსა და სხვა სახის სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეძლოს. აქამდე თეთრ სახლს აღნიშნული რაკეტების გამოყენების მხრივ პოლიტიკა არ შეუცვლია, თუმცა 10 სექტემბერს ბლინკენმა განაცხადა, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკური რაკეტებით ამარაგებს, რასაც ლემიმ “მნიშვნელოვანი ესკალაცია” უწოდა.

ბლინკენის თქმით, იგი ზელენსკისთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებს ჯო ბაიდენს გააცნობს, რომელიც ორ დღეში უკრაინის პრეზიდენტსა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share