„2003 წელს მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და გაანათა ქვეყანა, მჯერა, ისინი ისევ შემოიტანენ სინათლეს“ – გიული ალასანია

„ძალიან ემოციური დღეა დღეს ჩემთვის. როდესაც დავინახე აქ ჩაბნელებული ზუგდიდი, გამახსენდა 90-იანი წლები, როცა ხალხი გამოდიოდა და საბურავებს წვავდა ქუჩაში სადილის მოსამზადებლად, ორ დღეში ერთხელ რომ გვაძლევდნენ ერთი საათით დენს და შემდეგ, 2003 წელს მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და გაანათა ქვეყანა. მჯერა, რომ ისინი ისევ შემოიტანენ სინათლეს და გაანათებენ ქვეყანას“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს ისტორიული არჩევნებია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი გამოცდილება აქვს ქვეყნის განათების და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მოვლენ ახალი პროგრამით, იმ გამოცდილებით, რომელიც უკვე მათ აქვთ და შემოიტანენ ისევ სინათლეს, გაანათებენ ქვეყანას, მე ამის მჯერა. ფინიშის ხაზზე ვართ, ძალიან ცოტა დაგვრჩა 26 ოქტომბრამდე. ეს ისტორიული არჩევნებია, ჩვენი ყოფნა არ ყოფნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი უნდა გადაიჭრას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს. საქართველომ მრავალი საუკუნის წინ გააკეთა ეს არჩევანი, უკვე პირველი საუკუნიდან, როდესაც მოხდა ქრისტიანობის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში, მათ გააკეთეს უკვე არჩევანი დასავლეთზე და ცოტახნის შემდეგ დამკვიდრდა ქვეყანაში მიწაზე კერძო საკუთრება. ქრისტიანობა და მიწაზე კერძო საკუთრება იყო ის ღერძი, რომელზედაც იდგა ჩვენი სახელმწიფო საუკუნეების მანძილზე. რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს ჰქონდა სხვადასხვა კულტურებთან, სხვადასხვა ცივილიზაციებთან შეხება, მაგრამ ეს იყო ის ღერძი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა და დღესაც იქ ვდგავართ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share