2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 24.3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 4 945 ტონა ყავა იყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ქვეყანას 1 კგ. ყავის საშუალო საიმპორტო ფასი 4.9 დოლარამდე გაუძვირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა კომპანიებით, რომლებიც ყავის იმპორტს ახორციელებენ. საქსტატის მიერ ჩვენი კითხვის საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 5 უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია ასე გამოყურება: „ომპეტი“, „კინგ ორიგინალი“, კარენ ტრეიდი“, PB Distribution და „პრიმო გრუპი“. აღნიშნული კომპანიებიდან ორის წილებს რუსეთის მოქალაქეები ფლობენ.
უფრო კონკრეტულად, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, ვის ეკუთვნის ჩამოთვლილი 5 კომპანია:
- „ომპეტი“ სამეწარმეო რეესტრში 1998 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი და 100%-იანი წილების მფლობელი ალექსანდრე სიყმაშვილია.
- „კინგ ორიგინალი“ ბაზრაზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დირექტორი ნუგზარ სურმანიძეა. რაც შეეხება წილებს, 90%-ს რუსეთის მოქალაქე მარტიკ ანდრასიანი ფლობს, ხოლო დარჩენილ 10%-ს ამირან ბარამიძე.
- „კარენ ტრეიდი“ 2017 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორად კარენ კარაპეტიანი ფიქსირდება. „კარენ ტრეიდის წილების 100%-ს აღნიშნული პირი ფლობს.
- PB Distribution სამეწარმეო რეესტრში 2011 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი თეიმურაზ კოკაიაა. წილებს კი თეიმურაზ და ფატმან კოკაია თანაბრად იყოფენ.
- „პრიმო გრუპი“ 2022 წელს დარეგისტრირდა, დირექტორად ასლან ქამაშიძე გვევლინება. კომპანიის წილების ნახევარს რუსეთის მოქალაქე კარენ დავთიანი ფლობს, ხოლო მეორე ნახევარს გრიგორ ჩახმახჩიანი განკარგავს.
bpn.ge