საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო – სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ეუთო/ოდირი) შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ეუთო/ოდირის 26-გვერდიან ანგარიშში ყურადღება დაეთმო 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მისმა ოპონენტებმა გზავნილები გააჟღერეს.
”სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს უწოდებს”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, “ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართული დაინტერესებულ მხარეებს განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოუთქვამთ ამომრჩეველთა სიების ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიაში კვლავაც არის უზუსტობები, რომლებიც, სავარაუდოდ, გამომდინარეობს სიაში გარდაცვლილი პირებისა და საზღვარგარეთ დე ფაქტო მცხოვრები მოქალაქეების არსებობით“.
ამასთან, ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში ანტიკორუფციული ბიუროს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიც არის შეტანილი. კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, “27 აგვისტოს და 24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ რამდენიმე ორგანიზაცია და ფიზიკური პირი „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ გამოაცხადა, დაადგინა რა, რომ მათ მიერ წარმოებული კამპანია ოპოზიციის გზავნილებს ეხმიანებოდა. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა ბევრმა დაინტერესებულმა მხარემ აღნიშნა, რომ ამგვარი სახელდება პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია“.
ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ მედიაგარემოზეც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “მედიის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამოქალაქო ცილისწამების შესახებ არაერთი საქმის განხილვა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მიმართული მუქარები კვლავაც აქტუალურია“.