მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ჩეჩნური მედია კადიროვს, როგორც „შორსმჭვრეტელ სტრატეგსა“ და “ბრძენ მთავარსარდალს“, ისე წარმოადგენს. ჩეჩნეთის მეთაური კარგი სტრატეგიული რჩევებისთვის საჩუქრებსაც იღებს, ჩეჩენი სამხედრო მეთაურები კი აღფრთოვანებულნი არიან კადიროვის საომარი მოქმედებების დაგეგმვის ნიჭით. თუმცა, როგორც ამბობენ, რეალობა სრულიად განსხვავებულია – ექსპერტთა აზრით, შორიდან ჯარის მართვა შეუძლებელია, საომარი გამოცდილება კი კადიროვს ძალიან ცოტა აქვს.
უკრაინის ომიდან ჩეჩნეთში დაბრუნებული სამხედრო მეთაურები ხშირად ამბობენ, რომ მათ გადარჩენა კადიროვის მითითების გათვალისწინებით შეძლეს. როგორც ერთ-ერთმა ჩეჩენმა სამხედრო მეთაურმა – ისმაილ აგუევმა ინტერვიუში განაცხადა, კადიროვს აქვს უნარი, გამოიცნოს, რამდენ წუთში რომელ ობიექტს დაბომბავს უკრაინული არმია.
„ფადიშაჰმა რჩევა მოგვცა: თუ ამ ბრძოლაში მიიღებთ მონაწილეობას, ამ დროს ამ ადგილას არ მიხვიდეთ – უკრაინელები რაკეტებით დაბომბავენო“. მართლაც, 3, 5 ან 18 წუთში იმ ადგილზე, რომლის კოორდინატებსაც ფადიშაჰი გადმოგვცემდა, უკრაინელები შეიარაღებით იყვნენ, ნახევარი საათის შემდეგ ამ ადგილს ვუახლოვდებოდით, ვიდეოს ვიღებდით და შეიარაღება უკან მოგვქონდა“, – ამბობს აგუევი.
აგუევმა დაიფიცა კიდეც, რომ როცა ჩეჩნეთის ლიდერის მითითებებს ასრულებდა, მის ბატალიონს დანაკლისი არ ჰქონია. ტელეწამყვანმა კი სამხედრო მეთაურის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს სწორედაც კადიროვის სამხედრო გამოცდილების შედეგია, რომელიც ადრე „სპეცოპერაციებს GPS-ის გარეშე ატარებდა“.
ზამიდ ჩალაევი, რომელიც საპოლიციო სპეცდანაყოფის მეთაურია და უკრაინიდან დაბრუნდა, აღნიშნა, რომ რამზან კადიროვს სამხედრო პროგნოზის გაკეთების საოცარი უნარი აქვს.
„ჩვენმა ფადიშაჰმა ხაზგასმით თქვა, თუ ასე მოიქცევით, ყველაფერი გამოგივათო. ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა და რუკის მიხედვით მოქმედებდა. ჩვენ თავად გაგვაოცა მისმა შესაძლებლობამ. არ გვჯეროდა, რომ ტერიტორიას ორ დღეში ავიღებდით. 2-3 კვირას ვითვალისწინებდით, თუმცა ზუსტად ისე მოხდა, როგორც მან თქვა“, – განაცხადა ზამიდ ჩალაევმა.
ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის პარლამენტის წარმომადგენელმა მაგომედ დაუდოვმა ისიც კი განაცხადა, რომ ომში გაწეული საქმისთვის, როგორც ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე – „ედინაია როსიას“ წარმომადგენელმა ანდრეი ტურჩაკმა კადიროვს მადლობა შემოუთვალეს, არაღიარებული რესპუბლიკის მილიციის მეთაურებმა კი კადიროვს სიმბოლურად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტყვიამფრქვევი აჩუქეს.
ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელიც კადიროვის რეჟიმის მოწინააღმდეგეა, თვლის, რომ კადიროვის ძლიერ მთავარსარდლად წარმოჩენა რეგიონული ჩინოვნიკის პირად კომპლექსებს უკავშირდება.
„ეს მრავალწლიანი პროპაგანდა კადიროვის კომპლექსებს უკავშირდება, რომელსაც არ აქვს რეალურად უნარი, ბრძოლებს უხელმძღვანელოს. ის არც ერთ რეალურ ბრძოლაში არ მონაწილეობდა. მამამისზე თავდასხმისას, 2004 წლის 9 მაისშიც კი, მოსკოვში იმყოფებოდა და არა – მამის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. მას ძალიან სურს დიდი მთავარსარდლის იმიჯი შეიქმნას და ამ ცრუ იმიჯის შექმნას პროპაგანდით ცდილობს“, – ამბობს ბლოგერი Кавказ.Реалии-სთან ინტერვიუში.
შორიდან ხელმძღვანელობა
ჩეჩნური ადგილობრივი ტელევიზიის თანახმად, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის „წარმატება“ ჩეჩნეთის ხელმძღვანელსაც უკავშირდება.
„რამზან კადიროვი პირადად იღებს მონაწილეობას ომის წინა ხაზზე საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვაში. ის ჩეჩნური დანაყოფის მეთაურებთან მუდმივ კავშირშია. შედეგი კი – უკრაინის უამრავი გათავისუფლებული ქალაქი, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებია“, – ნათქვამია რესპუბლიკის ერთ-ერთი მედიის რეპორტაჟში.
რონდელის ფონდის წარმომადგენლის, ისტორიკოს ალეკო კვახაძის აზრით, კადიროვის მხრიდან ომში მონაწილეობის “უკონტაქტო” ფორმას არაფერი აქვს საერთო რეალურ ბრძოლასთან.
“შორიდან ხელმძღვანელობა შეუძლებელია, მით უფრო მაშინ, როცა კადიროვს არ აქვს უნარი, უხელმძღვანელოს სტრატეგიულ ოპერაციებს. მის ზოგიერთ მეთაურს ნამდვილად აქვს პარტიზანულ დაჯგუფებასთან ბრძოლის გამოცდილება, თუმცა პირადად კადიროვი მსგავს შემთხვევებში არ მონაწილებოდა. სწორედ ამიტომ, როცა საუბარია ასეთ დიდ კონფლიქტზე, როგორიც უკრაინაშია, სადაც ჩართულია არტილერია, ავიაცია და სხვა, ჩეჩნეთის ლიდერის უნარები კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ეს არის სუფთა პროპაგანდა და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან”, – აღნიშნავს კვახაძე.
“თუ გსურს, რამე წარმოდგენა გქონდეს, რა ხდება ომში, ფრონტის ხაზზე უნდა იყო. სწორედ ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა გახდა რუსი გენერლებისა და ოფიცრების სიკვდილის მიზეზი. ამიტომ ჩეჩნეთიდან ხელმძღვანელობა შეუძლებელია, მხოლოდ ისეთ რჩევას გასცემ, რომელიც მებრძოლებს ვერაფერში დაეხმარება“, – აღნიშნავს ექსპერტი ემილ ასლანი, რომელიც თვლის, რომ 90-იან და 2000-იან წლებში ჩეჩნეთში მიღებული საბრძოლო გამოცდილება შეუძლებელია, უკრაინაში მიმდინარე ომში გამოიყენო.
პროპაგანდის ნათელი მაგალითი, უკრაინაში, ლისიჩანსკზე შეტევა იყო, როცა მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ ლისიჩანსკი “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” ეროვნულმა პოლიციამ და ჩეჩნურმა დანაყოფმა კადიროვის ხელმძღვანელობით აიღეს. აღსანიშნავია, რომ Кавказ.Реалии-ის ცნობით, სინამდვილეში, ლისიჩანსკზე შეტევისას, რუსულ დანაყოფებთან ერთად, „ვაგნერის“ მებრძოლები, სეპარატისტული ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების გასამხედროებული ფორმირებები და “როსგვარდიის” მებრძოლებიც იყვნენ.
kviris palitra