“”ქართული ოცნების” რყევის პროცესი სახეზეა და იმედია…ზუგდიდსა და სენაკში ანალოგიურად განვითარდება მოვლენები”-მიხეილ სააკაშვილი

რუსთავში, საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი წევრის არჩევას, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. განცხადება მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

მესამე პრეზიდენტი ფაქტს მიესალმება და წერს, რომ “ქართული ოცნების” რყევის პროცესი სახეზეა და იმედს გამოთქვამს, ზუგდიდსა და სენაკში ანალოგიურად განვითარდება მოვლენები:

“მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ქართულ ოცნებას ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა, ხელში ჩაეგდო საკრებულოები, იმ მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც ოპოზიციამ გაყალბების მიუხედავად გამარჯვების გაფორმება შეძლო.

ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა. იმედი მაქვს, ზუგდიდსა და სენაკში მოვლენებიც ანალოგიურად განვითარდება.

ახლა მთავარია, რუსთავში და სხვა საკრებულოებშიც ჩვენი საქმიანობა მიმართული იყოს ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული უამრავი პრობლემის წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და ქართული ოცნების კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის. ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ გამარჯვების რწმენით და საყოველთაო აქტიურობით ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ვითარების შეცვლისა და სწრაფი განვითარების დასაწყებად ერთადერთი გზა არის.” წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share