ბრიტანეთმა შეაჩერა „უორდროპის დიალოგი“ და პროგრამები საქართველოსთან

გაერთიანებულმა სამეფომ გაყინა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“, ასევე შეაჩერა კიბერუსაფრთხოების პროგრამა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას“, — განაცხადა გარეტ უორდმა.

დიალოგის გაყინვის მიზეზად დიპლომატმა დაასახელა საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონის მიღება, შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირება.

უორდროპის პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის 2014 წელს ჩამოყალიბდა და აერთიანებს პოლიტიკურ, თავდაცვის და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ და ხალხთაშორისი კონტაქტების განზომილებებს. დიალოგის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თბილისსა და ლონდონში, ტარდება პლენარული შეხვედრები, რის შემდეგაც, ტრადიციულად, მხარეები აქვეყნებენ ერთობლივ კომუნიკეს. 2016 წლიდან დიალოგის ფორმატი ახალ საფეხურზე გადავიდა და „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ეწოდა, ხოლო 2017 წელს პლატფორმას საპარლამენტო განზომილება შეემატა. უორდროპის დიალოგის ფარგლებში ბოლო, მე-8 პლენარული სხდომა 2023 წლის 26 იანვარს ლონდონში გაიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share