არსებულ ვითარებაზე, რომელიც სამწუხაროდ შემაშფოთებელია, ბრალი მიუძღვის საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც ბოლო თვეებში, თავისი ქმედებებით, განცხადებებით, კანონების მიღებით საქართველო არა დააახლოვეს, არამედ დააშორეს ევროკავშირს – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
“მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ნათელი მოეფინა თავისი ნამდვილი განზრახვებისთვის.
გუშინ ლიდერები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და შეათანხმეს საბჭოს დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის ევროკავშირის პოზიცია, რომელიც შეთანხმებულია უმაღლეს დონეზე და გადმოცემულია რამდენიმე გზავნილი. პირველი: ევროკავშირის დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს ქართველების სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მეორე: არსებულ ვითარებაზე, რომელიც სამწუხაროდ შემაშფოთებელია, ბრალი მიუძღვის საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც ბოლო თვეებში, თავისი ქმედებებით, განცხადებებით, კანონების მიღებით საქართველო არა დააახლოვეს, არამედ დააშორეს ევროკავშირს.
არჩევნები გაიმართება ერთ კვირაში და ახლა თქვენ, ქართველებმა უნდა განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის მომავალი. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი მომავალი გსურთ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, თქვენი გადასაწყვეტია, გინდათ ევროკავშირში გაწევრიანება თუ არა. ჩვენი მხრიდა მზად ვართ მივესალმოთ საქართველოს ჩვენს ოჯახში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რომელიც გვეხება ყველა წევრ ქვეყანას. ეს წესები მარტივია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ” – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.