20 ოქტომბერს დაგეგმილ ევროპულ მარშში მონაწილეობისკენ საზოგადოებას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ბაქარაძე მოუწოდებს.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, ახლა მნიშვნელოვანია, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქართველმა ხალხმა მმართველ პარტიას დაანახოს, რომ საზოგადოება კვლავ გაერთიანებულია.
“კარგი იქნება, რომ შევაზანზაროთ ქვეყანა და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთად ვართ” – ამბობს ლაშა ბაქრაძე.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მმართველ პარტიას ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის ერთიანი, არის ცვლილებების დიდი სურვილი, არის სურვილი ევროპის გზაზე დაბრუნების. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველამ, ვისაც შეუძლია, ამ დიდ მარშში მონაწილეობა მიიღოს. კარგი იქნება, რომ შევაზანზაროთ ქვეყანა და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ, ისევ როგორც გაზაფხულზე, ერთად ვართ და ჩვენ ამ ერთიანობით საბოლოოდ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებზე”, – ამბობს ლაშა ბაქრაძე.
შეგახსენებთ, ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით – “ჩვენ გვინდა ევროპაში!”