სასამართლომ Credit Suisse-ის მიერ ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა 282 მლნ დოლარით შეამცირა – Bloomberg

სინგაპურის საერთაშორისო კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, Credit Suisse მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა კიდევ ერთხელ შემცირდა, ამჯერად 282 მილიონი დოლარით.

ინფორმაციას Bloomberg-ი შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტის, UBS Group AG-ის ანგარიშის მიხედვით აქვეყნებს. ცნობისთვის, Credit Suisse-ის მფლობელი ამჟამად სწორედ UBS-ია, რომელმაც ის გასულ წელს შეიძინა.

გამოცემა წერს, რომ სასამართლოს ამ ბოლო გადაწყვეტილებამდე Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზიანი 743 მილიონ დოლარს აღწევდა, სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ კი აღნიშნული თანხა 461 მილიონ დოლარამდე შეამცირა

Bloomberg- წერს, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს UBS-ის გამარჯვებად“. გამოცემა იუწყება, რომ იქამდე Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისთვის 600 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამჟამად UBS ასაჩივრებს ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და ცდილობს გაკოტრებული Credit Suisse-ის მეწილეებში ნდობა აღიდგინოს.

სტატიის ბოლოს ავტორი წერს ბიძინა ივანიშვილის შესახებაც: „ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, მმართველი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია. მან ამ კვირაში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ოპონენტების მტკიცებით კი არჩევნები გაყალბდა. მას კრიტიკოსები აღიქვამენ როგორც რუსეთის მიმართ სიმპათიებით განწყობილ პირს“.

ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს 926 მლნ დოლარის ზარალის ასანაზღაურებლად 2023 წლის მაისში უჩივლა, თუმცა თანხა იმავე წლის სექტემბერში შემცირდა და სასამართლომ ბანკს ბიზნესმენის სასარგებლოდ 743 მილიონამდე დოლარის გადახდა დააკისრა. შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალმა კი ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ბანკის ადვოკატები კომპენსაციის ოდენობის შემცირებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის სამართლებრივი დავა 2015 წელს დაიწყო. ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკში დაბანდებული თანხის ნაწილი Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალის კონსულტანტ პატრის ლესკოდრონის ქმედებების გამო დაკარგა, რომელიც კლიენტების, მათ შორის, ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულს ფარულად ხსნიდა. ლესკოდრონი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს, ხოლო 2019 წელს გაათავისუფლეს. თუმცა 2020 წელს მან თავი მოიკლა. ლესკოდრონმა აღიარა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს თავისი გარიგებების ზარალს კლიენტების ფულის ხარჯზე ფარავდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share