საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის მხრიდან შეფასებები ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტიდან, კონგრესიდან და სენატიდან, შემდეგ კი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის, ჯო ბაიდენის მხრიდანაც გაკეთდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ეს სერიოზული მესიჯია საქართველოს ხელისუფლებისთვის და ასევე საკმაოდ უჩვეულო ნაბიჯი ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან. მისი თქმით, არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, როგორც წესი, მისალოცი განცხადებები კეთდება და არა მსგავსი შინაარსის და ასეთი ტრიბუნიდან.
“როგორც წესი, დაახლოებით, ამ დროისთვის უკვე გაჟღერდებოდა მისალოცი გზავნილი. თუმცა, ის, რაც ახლა მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ [საქართველოს] არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ვფიქრობ, დენ ტვინინგმა “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან” ძალიან კარგად განმარტა, რომ როდესაც მთავრობა ცვლის და არღვევს საარჩევნო წესებს, მაშინ ის ართმევს საკუთარ მოსახლეობას შანსს, რომ ხმა მისცეს, ან საკუთარი პოლიტიკური აზრი გამოხატოს. ეს კი დემოკრატიულ პროცესში დემოკრატიას ვნებს”,- აცხადებს ბრაიზა, მისი თქმით, “ძალიან დიდი სიმბოლური ესკალაციაა, როდესაც განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტიდან პრეზიდენტის დონემდე ავიდა. ეს საკმაოდ უჩვეულოა”.
როგორც “ამერიკის ხმა” წერს, საქართველოს მთავრობას პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება კარგად არ მიუღია. თქვეს, რომ ის ვერ განსაზღვრავს, ჩატარდა თუ არა ქვეყანაში არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ ერთადერთი პრობლემა საქართველოსა და დასავლეთს შორის უკრაინის ომის გამო არსებობს და როგორც კი ომი დასრულდება, მხარეები ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ.
მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ რეალური პრობლემები დასავლეთსა და საქართველოს შორის უკრაინის ომს არ უკავშირდება.
“საქართველოს მთავრობის ასეთი განცხადებები პროპაგანდაა “ქართული ოცნების” მხრიდან. ეს იმავე პროპაგანდის ნაწილია, როდესაც მათ დანგრეული უკრაინის ფოტოები და საქართველოს მშვიდობიანი ფოტოები ერთად გამოაქვეყნეს. ისინი შიშზე დაფუძნებულ ტაქტიკას მიჰყვებიან. ყველამ იცის, რომ აქამდე ისინი ამბობდნენ, თითქოს ამერიკა ცდილობდა ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაეთრია- ეს სრულიად სასაცილო ტყუილებია. ამერიკას არასდროს ენდომება, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, რაში უნდა დასჭირდეს ამერიკას საქართველო, რა სამხედრო შესაძლებლობების მოტანა შეუძლია მას ისეთის, რაც იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის, რაც უკრაინასა შეუძლია, ევროპულ და ამერიკულ რაკეტებთან ერთად? ასე რომ [პასუხია] არა! თუ უკრაინაში რუსეთის ომი დასრულდება, ეს პრობლემა არ იარსებებს. მაგრამ პრობლემები ამერიკასა და საქართველოს, ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოშივე იქმნება”,- განმარტავს დიპლომატი.
მისივე თქმით, პრეზიდენტ ბაიდენს სრული უფლება ჰქონდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა: