კლასიკური მაგალითი უგეგმობაზე, ალოგიკურობაზე და გააზრების შეუძლებლობაზე
———
მსოფლიოს ფლაგმანი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატებს ეკითხებიან რუსეთ-უკრაინის ომის მენეჯმენტზე.
ერთი, პირობითად “ჟუჟუნა” პასუხობს, რომ უკრაინას დაეხმარებიან მანამ, სანამ საჭიროა. სანამდე იქნება საჭირო, ამას არ განსაზღვრავს. მისი კეთილისმსურველები ამბობენ, რომ უკრაინის გამარჯვებამდე. “გამარჯვების” განსაზღვრება თავად უკრაინელებს ერთადერთი აქვთ – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მაგრამ დღევანდელი დახმარებებით ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. დღევანდელი დახმარება მხოლოდ ბრძოლის გასაგრძელებლად არის საკმარისი. რამდენი ხანი შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას ქვეყანა, რომელიც ცოცხალი ძალის რესურსებით რამდენჯერმე ჩამორჩება მტერს? არავინ იცის. უბრალოდ, ლოგიკურად, იმაზე ნაკლები ხნით, ვიდრე მტერი. უკრაინა ითხოვს ბევრად უფრო მნიშვნელოვან დახმარებას, მაგრამ ამ დახმარების მიცემა არც სურთ და არც შეუძლიათ. ამრიგად, “ჟუჟუნას” რეალურად არანაირი გეგმა არ გააჩნია.
მეორე კანდიდატი, პირობითად “ფორთოხალი”, ამბობს რომ ომი უნდა გაჩერდეს. ოღონდ უნდა გაჩერდეს ისე, რომ რუსეთმა თავი გამარჯვებულად ვერ ჩათვალოს და უკრაინამ დამარცხებულად. რისკები და სარგებლიანობა ფრთხილად უნდა აიწონ-დაიწონოს და რეალობას თვალი გაუსწორონ. ეს უკვე გეგმაა.
“ჟუჟუნისტები” ამბობენ რომ მათი გეგმაა უკეთესი, რადგან მათ წარმოდგენაში უკრაინა იმარჯვებს. როგორ, რანაირად, რა გზით, ეს არ იციან ზუსტად, მაგრამ იმარჯვებს და მორჩა.
“ფორთოხლისტები” ამბობენ, რომ არსებული რესურსებით იმ მიზნის მიღწევა, რასაც გამარჯვება ჰქვია, შეუძლებელია; თუნდაც იმიტომ, რომ უბრალო ჭურვებსაც კი ვერ აწარმოებენ იმაზე მეტს ყველანი ერთად, ვიდრე რუსეთი.
“ფორთოხლის” მხარეზეა კაცი, რომელმაც ამერიკული სამხედრო მრეწველობა რუსული რაკეტებიდან ჩამოსვა და ისევ ამერიკულ რაკეტებზე დასვა. “ფორთოხლის” გეგმაა, რომ ამერიკა აღარ იყოს დამოკიდებული არცერთი სხვა ქვეყნის მრეწველობაზე და ამიტომ მაქსიმალურად დაბეგრავს უცხო ქვეყნის პროდუქციას. “ჟუჟუნისტები” კი განიცდიან, რომ უზარმაზარი, მტრული კომუნისტური ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება კოლაფსში ჩავარდეს “ფორთოხალის” მიერ შემოღებული მაღალი ტარიფების გამო.
—–
ამ დროს, საქართველოში, რომელიც პირდაპირ მიბმულია უკრაინის ბედზე, “პროგრესისტები” თანაუგრძნობენ “ჟუჟუნას”, ხოლო რეგრესისტები “ფორთოხალს”. არადა, სრული აბსურდია; რეალურად პირიქით უნდა იყოს.
“რეგრესისტებს” რეალურად ხელს აძლევთ “ჟუჟუნას” გეგმა, რადგან ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და მაროდიორული “ეკონომიკით” კიდევ დიდხანს მოითბობენ ხელს. “პროგრესისტებს” კი რეალურად უნდა ერჩივნოთ “ფორთოხალი”, რადგან ის შეწყვეტს ომს; გააძლიერებს ამერიკის ეკონომიკას, სრულიად დამოუკიდებელს გახდის და თან უფლებას არ მისცემს პუტინს, რომ ერთი ავანტურის შემდეგ კიდევ ახალი დაიწყოს.
რატომ ხდება ეს აბსურდი? მარტივი მიზეზის გამო, “ფორთოხალი” უსიამოვნო ტიპია და “ჟუჟუნა” კი ტკვარცალა, მომხიბლავი ქალი.
—-
ასეთია მიმდინარე სიტუაციის “ლოგიკა”.
აღშფოთებული საზოგადოება კრიზისიდან გამოსვლის გეგმას ითხოვს, მაგრამ საკუთარ პასუხისმგებლობას საერთოდ არ აცნობიერებს და ავიწყდება, რომ არცერთხელ უკითხავთ თავიანთი პარტიების ლიდერებისათვის, რის გაკეთებას აპირებდნენ თუ საქმე ისე არ წავიდოდა, როგორც თავად გეგმავდნენ. პასუხი ამ უხერხულ კითხვაზე იყო მხოლო ასეთი: “გავიმარჯვებთ სახელოვნად”, ან “ზღაპრის ბოლო კეთილია”.
გული არ დაგწყდეთ; მარტო საქართველოში არ არიან ასეთები, ნახევარი ამერიკაც “უჟუჟუნებს”. როგორც “ჟუჟუნამ” არ იცის რამდენი ხანი უნდა დაეხმაროს უკრაინას, ისე არ იციან ქართველმა “პროგრესისტებმაც” რა უნდა გააკეთონ და ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის.
ვიფიქროთ მეგობრებო, ვიფიქროთ და ჯერ საკუთარ თავში მოვიძიოთ და ვიპოვოთ ლოგიკაც და პასუხისმგებლობაც.