მთისპირელი ლაშა ვაშალომიძე, რომელიც 22 წლისაა უკვე, იპყრობს სხვადასხვა ქვეყნის რინგს. მან საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია MMA ორთაბრძოლაში, რომელიც პოლონეთში გაიმართა და სადაც ის, ბახვი ჰესის მხარდაჭერით გაემგზავრა. საბედნიეროდ, ამ ტურინირზე მან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ლაშა კიდევ მეტი მწვერვალის დაპყრობას გეგმავს.
ლაშა, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ მოხვედით აქამდე?
- აქტიური ცხოვრების წესით ვარ დაკავებული ბავშვობიდან. 10 წლის განმავლობაში ვცეკვავდი. მოგვიანებით, გამიჩნდა ინტერესი ვარჯიშის მიმართ. თავიდან არ ვიცოდი რას ნიშნავდა შერეული საბრძოლო ხელოვნება, მაგრამ რასაც ვხედავდი, იყვნენ მოტივირებული, მშრომელი ადამიანები, რომლებიც დაუღალავად ვარჯიშობდნენ დარბაზში. სწორედ ამან მომცა სტიმული. ყოველდღიურად ვვარჯიშობ, ვეუფლები საბრძოლო ტექნიკას. ჩემი მიზანია მოვხვდე მსოფლიო ჩემპიონატზე და გავიმარჯვო. როგორც იცით, ვიბრძოლე MMA ტურნირზე პოლონეთში, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურნირად დასახელდა. 760 მებრძოლი იღებდა მონაწილეობას. ჩემთვის საამაყო იყო საქართველოს წარმოჩენა აღნიშნულ ტურნირზე. ამან დამატებითი მოტივაცია მომცა, მივაღწიე გამარჯვებას. უნდა გავაგრძელო წინსვლა, ვასახელო ჩემი ქვეყანა.
ბახვი ჰესი იყო თქვენი მხარდამჭერი. როგორ შეაფასებთ ამ კომპანიის საქმიანობას თქვენს სოფელში?
- დღესდღეობით მიგრაციის პრობლემაა რეგიონში. ახალგაზრდები სხვა ქვეყნებში მიდიან სამუშაოდ. მსგავსი პროექტები კი ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმებას, აღარ წავლენ სოფლიდან, ოჯახებიც უფრო გაძლიერდება. ასევე, ბევრ სოციალურ პროექტს ახორციელებს ბახვი ჰესი ჩემს სოფელში. ჩემი დახმარებაც ამ კომპანიის კეთილი ნება იყო. ენერგეტიკული პროექტების განვითარება უმნიშვნელოვანესია სოფლისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ რეგიონში, ხელს უწყობენ ქვეყნის განვითარებას.