პროევროპული ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან დასრულდა. როგორც “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, საუბარი შეეხებოდა 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს და ელჩს მიაწოდეს სხვადასხვა ინფორმაცია არამხოლოდ, დარღვევებზე:
“ვფიქრობ, ძალიან კარგად არის ელჩი ინფორმირებული, თუმცა ჩვენ ინფორმაციები მაინც მივაწოდეთ, ეს ინფორმაციები არ ეხებოდა მხოლოდ დარღვევებს, იმიტომ, რომ უკვე ძალიან კარგად არის ცნობილი ყველასთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის, რა ხდებოდა და როგორ.
საერთაშორისო გამოძიებაზე ან შეფასების მისიაზე ჩვენი წინადადება ვუთხარით, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი რეკომენდაციების მეოთხე პუნქტი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასე რომ, ევროკავშირს აქვს სრული უფლება, სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობაც, რომ შეისწავლოს ეს რეკომენდაცია რამდენად შესრულდა ამ არჩევნებზე, ყველასთვის ცხადია რომ არ შესრულდა, მაგრამ შესწავლა და კონკრეტული დოკუმენტის დადება იქნებოდა სასარგებლო სრული სურათის გამოსავლენად.
ჩვენი გეგმებიც ვუთხარით, რომ გამორიცხულია პარლამენტში შევიდეთ, ლეგიტიმაცია ამ მხრივ პარლამენტს ვერ ექნება, იქნება პროტესტები, ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი და ბევრად უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული, დღეს რაც ხდება, ეს მხოლოდ დასაწყისია.
ჩვენ გვინდოდა, რომ ეს სცოდნოდა ელჩს და ჩვენ ასევე ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვართ განწყობილი საიმისოდ, რომ ნებისმიერი ფორმით ჩვენი პოზიცია ან ქართველი ხალხის პოზიცია გამოყენებულ იქნას ამ მთავრობასთან რაღაცნაირად დასაახლოებლად, რაღაც სტაბილურობის მისაღწევად და ა.შ. სტაბილურობა არის ევროპულ ქვეყნებში, ეს მთავრობა არის რუსული, ამიტომ ჩვენ არ გავჩერდებით სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება. ჩვენი მოთხოვნა არის მკაფიო- ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ამისი [საერთაშორისო გამოძიება] ალბათობა ნამდვილად არსებობს, დამოკიდებულია ჩვენზე როგორი კომუნიკაციები გვექნება. ელჩი მოგეხსენებათ არის ინფორმაციის გამტარი ცენტრსა და ადგილს შორის სადაც იმყოფება და ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ რომ ეს ინფორმაციები წარვადგინოთ არა მხოლოდ მტკიცებულებები არამედ დასაბუთება რატომ საჭიროებს შესწავლას და რამდენად ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები და შესაბამისად ახალი პარლამენტი.
კონსულტაციები გაგრძელდება დიპლომატებთან, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გაგრძელდება ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც.
ქართველი ხალხის მოთხოვნას ანგარიშს გაუწევს ხელისუფლება, ის იქნება იძულებული, რომ ეს გააკეთოს, რას დაეთანხმებიან და რას არა, ეს საკითხი არ არის და ვერ იქნება გადამწყვეტი. მათ მოუწევთ დაეთანხმონ ქართველი ხალხის ნებას.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ. [IPN]