სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.
„ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. მაგრამ არც ეს იკმარა. სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. მაგრამ არც ერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არც ერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ურდომ არ დაინდო არც მოხუცები და ბავშვები. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. 100 000 მოწამე შეუერთდა იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს.
წმიდა 100 000 მოწამეთა მეოხებით უფალმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.