მოხსენიებულია თუ არა შემოქმედი 1035 წელს გადაწერილ დავითნში
.
მოსე ჯანაშვილი, რომლის რედაქციითაც გამოქვეყნდა ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფია“ შემოქმედთან დაკავშირებულ ინფორმაციაში, სქოლიოში აღნიშნავს შემდეგს – „ჩვენ გვგონია, დავით ჯიბისძე მის მიერ 1035 წელს ტყავზე გადაწერილს დავითნში იხსენიებს ამ შემოქმედს, როდესაც ამბობს: „ბრძანებითა ეზრა მამადმთავრისა შემოქმედისა და მწყალობელისა ჩემისაითა დავწერე“.
.
P.S. ამ შემთხვევაში ჯანაშვილი საუბრობს ანტიოქიაში მოღვაწე ტაოელ მწიგნობართა ცნობილი გვარის, ჯიბისძეების წარმომადგენლების იოანე და დავით ჯიბისძის მიერ 1035 წელს შატბერდში გადაწერილ დავითნზე – „ამისთჳსცა მე, დავით ჯიბისძემან, ტჳრთმძიმემან ცოდვითა და უდებმან სინანულითა, დავწერე ესე წიგნი ბრძანებითა ეზრა მამად მთავრისა შემოქმედისა და მწყალობელისა ჩემისაჲთა, რ(ომ)ლისა დამეკადრა და მერწმუნა საწყალობელი ს(უ)ლი ჩ(ე)მი.“
.
ეზრას (ეზრა წინასწარმეტყველის) მონასტერი გახლდათ სირიაში, შავ მთად წოდებულ ადგილზე ანტიოქიასთან ახლოს. შავი მთის რვა მონასტერში მოღვაწეობდა სამოცამდე ქართველი ბერი, მათ შორის: გიორგი ათონელი, გიორგი მცირე, გიორგი შეყენებული და ა.შ.
.
იოანე ზოსიმეს მიერ შედგენილ ენციკლოპედიურ/ლიტურგიკული კრებულში არის ერთ-ერთი უძველესი ასტროლოგიური ტრაქტატის თარგმანი – ეზრა წინასწარმეტყველის „კალანდაჲ“. იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილ ხელნაწერშივე არის თხზულება „ქაბაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“. ასევე დანიელის და ეზრას წინასწარმეტყველებაა ბოლო ჟამის (აპოკალიფსის) უკანასკნელ იმპერიაზე.
.
– „საქართველოს გეოგრაფია“ დაიბეჭდა ვახუშტი ბატონიშვილის ხელნაწერ დედნით, რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა – 1904 წელი.
– „მასალები ორონტის ანტიოქიის დასავლეთით მდებარე ქართული მონასტრების კვლევა-ძიებისათვის“ ვ. ჯობაძე – 2017 წელი
– „ქართული ხელნაწერი წიგნი“ – 2010 წელი
– Wikipedia free online encyclopedia
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა