ჭანიშვილები და წინამძღვარი ინაშვილი (ინაში)
.
გადმოცემის მიხედვით ჭანიშვილები ჭანეთის სოფელ თორდოვათიდან ყოფლან გადმოხვეწილი, ეს სოფელი სიხარულიძის მიხედვით ათინის უბნის კოქსოვათის ახლოსაა საგულვებელი.
.
„გადმოცემით, თითქოს ამ სოფლიდან (თორდოვათი) უნდა იყვნენ წამოსულნი ჭანიშვილები. ამ რამდენიმე ხნის წინ ძველმა ბოლშევიკმა ვასილ ჭანიშვილმა გვიამბო: „დავიბადე ოზურგეთის მაზრის ლიხაურის თემში. ჩვენს სოფელს ნიაბაური ჰქვია. იგი ქვედა და ზედა უბნებად იყოფა. შესანიშნავი სოფელია, მაგრამ როგორც მამაჩემი და ბიძაჩემი იტყოდნენ − ძველების გადმოცემით, ჩვენი ადრინდელი სამკვიდრო სოფელი, საიდანაც ჩვენი შორეული წინაპრები მოსულან, კიდევ უფრო უკეთესი ყოფილა. მის სახელწოდებად ძველები „თორდო“-ს თუ რაღაც მისნაირს ასახელებდნენ.
.
როცა ჭანეთს ოსმალო მოდგომია, ჩვენი წინაპრები იძულებული გამხდარან აყრილიყვნენ და სხვაგან ეძიათ თავშესაფარი. სახლის უფროსი, გადმოცემით, მონასტრის წინამძღვარი ყოფილა. სახელი აღარ შემონახულა, გვარს კი დაასახელებდნენ, მაგრამ დღეს კარგად აღარ მახსოვს, ვგონებ „ინაშვილს“ თუ „ინაშს“ იტყოდნენ.
.
წამოსულა ის დალოცვილი მთელი თავის ახლობლებით, გადმოუვლია ჭოროხი, კინტრიში, და ტალახას უღელტეხილით გადმოსულა აჭისწყლის ხეობაში, სადაც მაშინ უღრანი ტყე ყოფილა. აქ ერთ მაღალ გორს მინდობია, რომელსაც ახლა გორმაღალს უწოდებენ და იქ დაბინავებულა. ეშინოდათ, თურმე, მდევრები მოგვიკითხავენ და, თუ ადგილობრივ მოსახლეობას ეცოდინება, ადვილად მოგვაგნებენო. ამისათვის არ გაუმხელიათ თავი.
.
ასე გასულა კარგა ხანი, მაგრამ მუდამ ხომ ვერ იცხოვრებდნენ მალულად. და აი ერთ მშვენიერ დღეს გორმაღალს გურიელის მონადირენი შესევიან და ჭანი მოახალშენეებიც მათ აღმოუჩენიათ. მთავარს ძალიან გახარებია მათი პოვნა. წინამძღვარი დიდი პატივით მიუწვევია სასახლეში და კარის მოძღვრად დაუსვამს, სხვები კი მთიდან ჩამოუყვანია და გორის ძირას დაუსახლებია. მოძღვრის სიცოცხლეში ისინი არც რაიმე გადასახადს იხდიდნენ და არც სხვა რამ საბატონო ვალდებულება სდებიათ. საბატონყმო ურთიერთობაში ისინი მოგვიანებით ჩართულან და გურიის სამთავრო საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოების (თავად მაქსიმელეშვილთა) ყმები გამხდარან. პაპაჩემიც და მამაჩემიც მათი ნაყმევები ყოფილან.
.
ახალ ადგილზე დამკვიდრების შემდეგ ჩვენს ძველებს ჭანური გვარსახელით კი აღარ იხსენიებდნენ თურმე, არამედ სატომო სახელით („ჭანი“) მიმართავდნენ, რაც შემდეგ თაობას ახალ საგვარეულო სახელად დაუმკვიდრდა და ჭანიშვილი ეწოდა.
.
აჭისწყლის ხეობაში ჭანური წარმოშობის მოსახლეობა ნიაბაურს გარდა, სოფელ აჭშიც არის. ვ. ჭანიშვილისვე ცნობით, ადრე იმათაც ჭანიშვილებს უწოდებდნენ, ხოლო გამუსლიმანების შემდეგ − „ლაზიშვილებს“. ერთსაც და მეორესაც დღემდე შემორჩათ მათი ნათესაური სიახლოვის ხსოვნა. „ახლაც კარგად მახსოვს კალანდას მათი სტუმრობა ნიაბაურში. მართალია ისინი გამაჰმადიანებული იყვნენ, მაგრამ ძველ ტრადიციას მაინც იცავდნენ, ხალისით მონაწილეობდნენ მამაპაპურ ქრისტიანულ რიტუალებში და ჩიჩილაკის გალოცვაშიც ერთიმეორეს ასწრებდნენ. ბიძაჩემი დიდად მორწმუნე კაცი იყო, ეკლესიის მსახური, ხშირად მინახავს სამრეკლოზე, ეკლესიაში სანთლების გამყიდველად, გვარის საწირავის მომწყობად და სხვა.
.
ჭანიშვილების გვარის საწირავი იყო მოზვერი. გვარი წელიწადში ერთხელ კლავდა მოზვერს ამ საქმეს ერთი პირი განაგებდა. მე რომ მახსოვს თომა ბიძია მოივლიდა, გვარლიხაურის გარდა ავიდოდა ხიდისთავში, ბახვში, გურიანთაში, აჭში და თვითეული ოჯახიდან მოკრეფდა ფულს მოზვრის საყიდლად. დაწყებული კაპიკიდან, თუ მეტი არა, ეს კაპიკი ყველას უნდა გადაეხადა გვარის საწირავში წილის მისაღებად. დათქვამდა წირვის დღეს, როდესაც ყველა მოვიდოდნენ. მოზვერს წაიყვანდნენ აჭის ეკლესიაზე დასაკურთხებლად. იქვე დაკლავდნენ, შემდეგ მოიტანდნენ საერთო თავშესაყრის ადგილზე და საერთო ქვაბში მოხარშავდნენ. გაიშლებოდა სუფრა და ყველა მიიღებდა ხორცის ნაჭერს. ხოლო იმათ, რომლებიც არ ესწრებოდნენ, შინ უგზავნიდნენ თავის წილს“.
..
თუ ამ გადმოცემას ვერწმუნებით, ჭანიშვილთა გადმოსახლება ძველი სამკვიდროდან ოსმალთა შემოსვლისთანავე (XVI ს 40-იანი წლები) მომხდარა. და მხოლოდ „წინამძღვრის სახლი“ როდი იყო გამონაკლისი. ამ დროს მრავალი სხვაც ილტვოდა ჭანეთიდან. ნაწილი გურიას ეხიზნებოდა, ხოლო ნაწილიც ოდიშსა, აფხაზეთსა და იმერეთს. მაგრამ ამით როდი დასრულებულა ჭანთა ლტოლვა ჩრდილოეთისაკენ. ისინი კანტიკუნტად გამუსლიმანების შემდეგაც მოდიოდნენ და რჩებოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ესენი მეტწილად ხელოსნები იყვნენ, განსაკუთრებით, ხუროები. აქეთკენ მოეშურებოდნენ ისინიც, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით მშობლიურ კუთხეში არ დაედგომებოდათ და სხვა. ყველა ასეთ ფაქტს გულმოდგინე მოძიება და შესწავლა ესაჭიროება.”
.
– იური სიხარულიძე- ჭანეთი (ლაზეთი) : საისტორიო გეოგრაფიის მასალები : წ. 2 (1979 წელი)
– ლიხაურის ეკლესია 1890 წლის ალბომიდან
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა